9 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნში“, პროექტის „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“ შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდება.
პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი) ადგილობრივი და ცენტრალური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას ინოვაციური მიდგომების განხორციელებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.
შემაჯამებელი შეხვედრის მიზანია პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება მიღებული შედეგების შესახებ, ასევე, გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრის მონაწილეთა მიერ წარდგენილი იქნება:
– 5 ქვეყანაში პროექტის ფარგლებში შშმ ქალებისა და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან ჩატარებული ფოკუსირებული დისკუსიების შედეგები: შშმ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის განმაპირობებელი ფაქტორები, ასევე შშმ ქალების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის არსებული ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები;
– პროექტის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები პრობლემის გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ჩვენი გუნდის და პროექტში მონაწილეთა აზრით, პროექტის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც იქნება ის აუცილებელი მინიმალური ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უახლოეს მომავალში უნდა გადადგას შშმ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით“, - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ქეთი ჭელიძემ.