logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ალიანსში ჩვენი გაწევრიანების პროცესი ძალიან ხანმოკლე უნდა იყოს
- +

6 ივნისი. 2023. 00:56

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვოლოდიმირ გავრილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს ნატოს წევრი გახდეს რუსეთზე სამხედრო გამარჯვების მიღწევიდან ძალიან მოკლე დროში.

გავრილოვმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, თავი შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო მარაგების მიწოდებისგან. ამასთან, მან დასძინა, რომ გასაგებია, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო საქმიანობა გრძელდება.

„ჩვენ გვსურს მოვისმინოთ გეგმა ან საგზაო რუკა, ან ქმედებების ჩამონათვალი, რომელიც უნდა განხორციელდეს ორივე მხარის [ნატოსა და უკრაინის] მიერ, რათა მივაღწიოთ წევრობას ძალიან მოკლე დროში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ გავრილოვმა.

მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ ომი გრძელდება, „ამავდროულად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ალიანსში ჩვენი გაწევრიანების პროცესი ძალიან ხანმოკლე იქნება“.

გავრილოვის თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების სისტემაზე ნატოსთან გაწევრიანებამდე გარდამავალ პერიოდში მოლაპარაკებებს გამართავს.

კითხვაზე ჩინეთის მიერ რუსეთისთვის დრონების მიყიდვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე, გავრილოვმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ „კომერციულ დრონებს“ ეხება.

„დიახ, ისინი აგრძელებენ ჩვეულებრივი კომერციული ნივთების გაყიდვას რუსეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად. არა უშავს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეასრულებენ დაპირებას, არ მიყიდონ რუსეთს იარაღი, როგორც ამას ირანი აკეთებს. ეს მნიშვნელოვანია“, - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner