logo_geo
eng_logo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელა
- +

5 ივნისი. 2023. 22:40

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონით განსაზღვრულ აქტივობებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.

„2022 წელს შევქმენით ბაღების რეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმა -preschoolregistration.emis.ge. მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი. განვახორციელეთ შექმნილი სისტემის პილოტირება და რაც ყველაზე მთავარია, საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგები რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

„მომხსენებლის ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ბაღების რეგისტრაცია. ამ ეტაპზე საქართველოში 1704 საჯარო და 323 კერძო ბაღი ფუნქციონირებს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ავტორიზაციის დროებით წესთან დაკავშირებით, განხილვებისა და დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ დამტკიცდა ადრეული აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის, აგრეთვე ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.

„ავტორიზაციის წესის დამტკიცებით, პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ავტორიზაციის დროებით წესში მუნიციპალიტეტების როლისა და უფლებამოსილების საკითხზე.

თამარ მახარაშვილმა ავტორიზაციის სტანდარტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე მომზადდა ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი.

მომხსენებლით თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა და თვითშეფასების კითხვარები მომზადდა და პლატფორმამ 7 ბაღში უკვე გაიარა პილოტირება. მისივე თქმით, თვითშეფასებაში ჩართულია 32 მუნიციპალიტეტი და დასრულებული თვითშეფასება 215-მა ბაღმა წარადგინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner