„გავიხსენოთ, რომ რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის არ ჩაუდენია, დადასტურებულია რომ 1 მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას მფლობელი“, ბატონი დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განმარტება არ ყოფილა, გარდა უსუსური მცდელობებისა.
„ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ ისევ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, რაღაცები ვიღაცებს გადააბრალეს და ა.შ.
„ბიბისი“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მაღალსაიმედო ორგანიზაცია, მისი გამოძიებით და არა მხოლოდ, მათ შორის გერმანიის გამოძიებითაც დადასტურებული არის და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით ბოლო 2 წელია. ჩვენი გამოძიება თანამშრომლობდა და ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიებები ჩავატარეთ, რომ გამოგვეკვლია, გამოგვეძიებინა ეს თაღლითური სქემები. ათასობით პენსიონერი არის გაძარცვული თქვენი მფლობელის მიერ, ბატონი კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, აქედან დავიწყოთ, ეს არის მთავარი, თქვენი ტელევიზია ფინანსდება მოპარული ფულით, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა, გაძარცვა მთელი ბიზნესი მან და სააკაშვილმა და ახლა მთელი ევროპა გაძარცვა, მილიარდი დოლარი არის მოპარული, ეს უნდა ვიმეოროთ ყოველ დღე.
მანამდეც, მე ვფიქრობ, ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თუ არ ვცდები, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილის დროს, ბატონი იაკობაშივლი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში, აი როგორც დაიქირავა სააკაშვილმა, თქვენ გახსოვთ ლობისტური კომპანია, მისმა დედამ და გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი, მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, აი როგორც ახლა კითხვა დამისვა ამ ბატონმა, და სხვა ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს ჩვენ თურმე მოვწამლეთ სააკაშვილი და ეს არ სიამოვნებთ, რომ მე გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამაზე რომ ვლაპარაკობ ღიად, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით და მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, აი ეს, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.