„რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას. მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ, გუშინ მე მქონდა შეხვედრა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, მანამდეც, მოლდოვაშიც ლიდერებთან, ჩვენს კოლეგებთან მქონდა საუბარი. ყველასთან ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო და არის დღესაც, რომ ზედმიწევნით შესრულდეს, რომ იტყვიან პირნათლად, ხელისუფლების მხრიდან ყველა ეს რეკომენდაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დაახლოებით ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა ეს პროცესი.
„ჩვენ დაახლოებით ივნისის ბოლომდე დავასრულებთ ყველა ამ პროცესს, მაგრამ რჩება მთავარი და მანამდე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას არავითარი მონაწილეობა, ამ დესტრუქციულ, გაკოტრებულ ოპოზიციას, არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ამ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ჩვენ შევქმენით, არავითარი. რჩება ერთადერთი, ეს არის პოლარიზაციის დასრულება, რომელზეც მე მაქვს ჩემი პოზიცია და რომელიც საჯაროდ ვთქვი, მათ შორის, ამ საერთაშორისო პლატფორმებზე. მე ვთქვი, რომ თუ, რეალურად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენს ნამდვილს მეგობრებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან როგორც მინიმუმ, მისი განახევრება და მინიმუმზე დაყვანა, შემცირება, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.