ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. ეს ეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს.
„განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში - საუბარია იმაზე, რომ მინერალური სასუქებისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოში, შუა დერეფანში თურქმენეთიდან ხორციელდება, გაიზარდოს. ასევე დაისახა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. მიმდინარე წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები ორი ქვეყნიდან იმუშავებენ, რათა ეს შეთანხმებები კონკრეტულ შედეგებში აისახოს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.
კომისიის სხდომაზე ასევე გამოითქვა ინტერესი თანამშრომლობაზე ციფრული დერეფნის განვითარების, აგრეთვე ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
სხდომაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე თურქმენეთის დელეგაცია მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.