„ვგეგმავთ სკვერის მოწყობას თენიეშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი მრავალბინიანი კორპუსის მიმდებარედ; ასევე, ვგეგმავთ დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის რეაბილიტაციას და ჯავახიშვილის ქუჩაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ზაურ თენიეშვილის სახელობის სკვერის მოწყობას. ამასთანავე იგეგმება ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის სრული რეაბილიტაცია და ოზურგეთის სამხატვრო სკოლის შენობის შიდა რეაბილიტაცია“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით ოზურგეთის განვითარების 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი პროექტები განხორციელდება.
„სოფელ ნაღობილევში ვგეგმავთ დაწყებითი საფეხურის სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას; სოფელ ცხემლისხიდში კი დავიწყებთ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზუმის და დვაბზუში შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაიწყება სოფელ ოზურგეთში 1918 წელს ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობის სამუშაოები;
ასევე, დაბა ნარუჯის პარკში მოეწყობა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.