200-მდე ხელოვანი ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაციას (სიზაკი) წერილით მიმართავს. ხელოვანები ვრცელ წერილში იმ განცხადებაზე საუბრობენ, რომელიც „სიზაკმა“ საქართველოს პარლამენტს საავტორო უფლებათა კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის შესახებ გამოუგზავნა.
„სიზაკი“ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვდა. ხელოვანები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ეს დამოკიდებულება მცდარმა ინფორმირებამ გამოიწვია, მათ არასწორ ინფორმირებულობას კი კულტურის სფეროს წარმომადგენლები საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს გიგა კობალაძეს უკავშირებენ.
ხელოვანები წერილში წერენ, რომ კანონის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმით საავტორო უფლებების დაცვის სფერო სრულად მოწესრიგდება. გარდა ამისა, წერილში საუბარია იმ ფინანსურ დარღვევებზეც, რომელიც საავტორო უფლებათა ასოციაციაში „საქპატენტის“ აუდიტის დასკვნამ გამოკვეთა.
თავად გიგა კობალაძე, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.