თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ქ.თბილისში, კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, რომელიც მართავდა დასაშვებ ნორმაზე მეტი მასის ტვირთით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრავი 5 ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ეზოში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზიანებები მიიღო.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.