logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვექნება - ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით კარგის მეტი არაფერი გაგვიგია
- +

8 ივნისი. 2023. 16:14

 

 

„ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის [მარინა კალიურანდის] მოსაზრება, შეიძლება, სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვექნება - ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით კარგის მეტი არაფერი გაგვიგია“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

 

„საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და პირადად თქვენც, თქვენი კოლეგებიც და მთელი საქართველოს მოსახლეობა იხილავს იმას, რომ მათ შორის, ევროპარლამენტში არის ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი. სწორედ ეს არის დემოკრატია. თქვენ რა გგონიათ ევროპარლამენტი ყველგან ერთიანი ხმით საუბრობს და ყველა ერთ აზრზეა? - არა! სწორედ ეს არის ევროპული დემოკრატია, როდესაც არსებობს ბევრი განსხვავებული აზრი და შემდგომში ხდება შეჯერება ერთ აზრზე. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის მოსაზრება. შეიძლება სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ა.შ., მაგრამ საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი მიიღებს აუცილებლად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაგიხარდებათ როგორც თქვენ, ასევე, საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

 

მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ვინმე აკრიტიკებს, შესაბამისი არგუმენტებიც უნდა მოიყვანოს.

 

„ერთი მარტივი პასუხი არის ამ ყველაფერზე - თუკი ვინმე გვაკრიტიკებს მან უნდა მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ხაზგასმით გეტყვით, რომ საქართველოში დღეს არის სასამართლო სისტემა ყველაზე დამოუკიდებელი მისი არსებობის ისტორიაში. თუ გაინტერესებთ 12 პუნქტის შესრულების ანგარიში ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, მათ შორის, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები, ევროპულ დედაქალაქებში დადიან და თავიანთ კოლეგებთან ყველა იმ საკითხს გადიან, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. პირდაპირ რომ გითხრათ, კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

 

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner