logo_geo
eng_logo
„მთავრობის სუბსიდიის გარეშე, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა“ - Black Sea Arena-ს პროექტების მენეჯერი ბრუნო მარსის კონცერტზე
- +

8 ივნისი. 2023. 17:07

 

 

1 ოქტომბერს საქართველოში, „დინამო არენაზე“ მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერლის, სიმღერების ავტორისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართება. ბილეთების შეძენა, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

 

მუსიკოსი თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიო დონის ისეთი შემსრულებლები ეწვევიან, როგორებიც არიან: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.

 

როგორც „ბლექ სი არენას“ პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, ბრუნო მარსის კონცერტი აქამდე დაანონსებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელზეც წინასწარი გათვლებით, საქართველოდან და მსოფლიოდან დაახლოებით 65 000 მელომანი მოიყრის თავს.

 

„Starring Georgia ორწლიანი კამპანიაა, შესაბამისად, დღეს დაანონსებული კონცერტი არის 2023 წლის სეზონის ბოლო ღონისძიება, თუმცა, 2024 წლის სეზონი ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ამ სეზონის არტისტები დასაანონსებელია. აქამდე, 6 ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო დაანონსებული, მაგრამ ბრუნო მარსის შემთხვევაში, მასშტაბიდან გამომდინარე, ალბათ ყველა ვაცნობიერებთ, იმხელა ღონისძიებაზეა საუბარი, რომ ფაქტობრივად, მანამდე დაანონსებული ექვსი ღონისძიება უდრის ერთ ბრუნო მარსს.

 

ბევრი ითქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს არტისტის მასშტაბს და ასე შემდეგ - რაც უფრო დიდია არტისტი, მოთხოვნებიც უფრო დიდია. შესაბამისად, ამ მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზატორმა, არის იმ მინიმალური ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მის კონცერტს უნდა დაესწრონ. Imagine Dragons-ის შემთხვევაში თუ იყო, რომ მინიმუმ 20 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა ღონისძიებას და შეირჩა ლოკომოტივის სტადიონი, ბრუნო მარსის შემთხვევაში საერთოდ სხვა ციფრებთან იყო დაკავშირებული ეს კომუნიკაცია და სწორედ ამან განაპირობა, რომ ღონისძიება ჩატარდება დინამოს სტადიონზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 65 000 ადამიანს მიეცემა ამ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა.

 

იქიდან გამომდინარე, რომ Imagine Dragons-ის ბილეთები რეკორდული მაჩვენებლით გაიყიდა, დაახლოებით 30 000 ბილეთი ამოიყიდა 7 საათში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრუნო მარსის კონცერტის დინამოს სტადიონზე ჩატარება, რომ ფაქტობრივად, ორმაგი რაოდენობის მელომანებს მივცეთ ამ უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, განმეორდება ის, რაც Imagine Dragons-ის შემთხვევაში მოხდა. ბილეთებზე მოთხოვნა აჩვენებს, რომ ქვეყანა მზად არის, რომ ქვეყანაში ახალგაზრდობას მსგავსი ტიპის ღონისძიებები უნდათ, ელოდებიან და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს გასართობ ინდუსტრიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ინტერესი საკმაოდ დიდია“, - აცხადებენ „ბლექ სი არენაში“.

 

ციცი იაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, საქართველოში მსგავსი მასშტაბის საკონცერტო ღონისძიების გამართვა, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

 

„კერძო კომპანიას აუცილებლად გაუჭირდებოდა მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება მარტო იმიტომ, რომ ფინანსურად უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე „ბლექ სი არენას“ შემთხვევაში. სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა, რადგან აქ რა თანხებზეც მიდის საუბარი, ალბათ, პირველ ჯერზე, ნებისმიერ კერძო კომპანიას გაუჭირდებოდა. იმას ვგულისხმობ, რომ „ბლექ სი არენას“ შენობას, დარბაზს, ღონისძიებების ჩასატარებლად აქვს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობაც. მით უმეტეს, ამ სეზონისთვის განახლდა სცენა, განათების აპარატურა და ასე შემდეგ.

 

კერძო სექტორმა, ჰონორარის გარდა, დამატებით უნდა იქირაოს ტექნიკურად გასამართი საჭიროებები, აპარატურა - ეს ყველაფერი იმხელა თანხებზე შეიძლება ავიდეს, რომ ფიზიკურად ვერ მოხერხდეს. ეს არ არის ლოკალური ბიზნესი, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გავიდეთ, შესაბამისად, პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ საერთაშორისო ასპარეზზე, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ მოხდებოდა. დღეს, ჩვენ კიდევ შეიძლება ვერ ვხედავდეთ ყველა სიკეთეს, დღეს შეიძლება კიდევ ვერ ვაცნობიერებდეთ კარგად, რამდენი რამე შეიძლება ამ სეზონის და ორწლიანი კამპანიის შემდეგ შეიცვალოს, მაგრამ დრო ყველაფერს გვიჩვენებს.

 

რაც შეეხება თვითონ სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილებას, აქაც, ალბათ, ბევრი საუბარი არ არის საჭირო, რადგან შეგვიძლია ელემენტარული სტატისტიკა ვნახოთ მსოფლიოს რამდენმა ქვეყანამ მიმართა მსგავს „ხრიკს“, ტურიზმის ამ მიმართულების გასააქტიურებლად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის გასააქტიურებლად უკვე აპრობირებული მეთოდი ჩვენც გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში. უკვე წარმატებით მიმდინარეობს პროექტი, შეიძლება ასე ითქვას კიდეც, რადგან ვხედავთ, რამხელა ინტერესია აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. „იმეჯინ დრაგონსის“ სტატისტიკა ვნახეთ უკვე, უცხოეთიდან რამდენი ბილეთი არის დაახლოებით ნაყიდი და საბოლოოდ, ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ შემაჯამებელი პასუხი ყველა კითხვაზე ერთად, სეზონის ბოლოს გავცეთ, როცა შევძლებთ, კონკრეტულ ციფრებში გავასაჯაროვოთ კონკრეტული შედეგები“, - ამბობს „ბლექ სი არენას“ წარმომადგენელი.

 

ციცი იაშვილი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე ხელმისაწვდომობა, ტურისტების მოზიდვა, ქვეყანაში გასართობი ინდუსტრიის განვითარება და ამ კუთხით, საქართველოს მონიშვნა მსოფლიო რუკაზე.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ დონის კონცერტების გამართვა, აჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ Starring Georgia-ს მეორე, 2024 წლის სეზონი მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის კიდევ არაერთი ვარსკვლავის სახელს დაუკავშირდება.

 

„ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავის ქვეყანაში მოუსმინონ მათთვის საყვარელ არტისტებს. დამეთანხმებით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფინანსურად, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ წავიდეს. მეორე ამბავი არის ის, რომ დროთა განმავლობაში, ქართველებიც განებივრდებიან მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებით.

 

ეს ასევე, ბევრ ადამიანს მისცემს ახალ პროფესიაზე ფიქრის შესაძლებლობას, რადგან თუ გასართობი ინდუსტრიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, აუცილებელი იქნება შესაბამისი კადრებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინდუსტრია აქამდე არ ყოფილა კარგად განვითარებული საქართველოში, ბევრ ახალგაზრდას შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონოდა იმაზე, რომ ან ივენთმენეჯერობა მონდომებოდა, ან ხმის რეჟისორობა, ანაც განათების ოპერატორობა.

 

მთავარი სიკეთეების მეორე მხარე არიან უცხოელი მოგზაურები და ის ადამიანები, რომლებიც საყვარელ მუსიკოსებს თუ ბენდებს სხვადასხვა ქვეყანაში დაჰყვებიან. ამასთან, მთელი მსოფლიო ფაქტობრივად ტურიზმზე დგას, ვიცით, რომ მოგზაურების დიდი ნაწილი არიან ახალგაზრდები და არჩევანის გაკეთების დროს მნიშვნელოვანია ის გასართობი ღონისძიებები, რომლებიც იმ ქვეყანაში კონკრეტულ პერიოდში ტარდება. შესაბამისად, ამხელა არტისტის მასპინძლობა, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმაზე ფიქრის შესაძლებლობას, რომ ეს, ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის თბილისში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ჩამოსვლას - ტურისტული სეზონის გახანგრძლივება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში უნდა ჩატარდეს მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აცდენილია ავტომატურად საზღვაო სეზონს, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ რატომაც არა, იყოს ოქტომბერი, რომ პირიქით, დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ საქართველოში სტუმრობა არა მხოლოდ საზღვაო სეზონზე.

 

მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - როდესაც დიდ არტისტს ელაპარაკები, ყველა გეკითხება, რომ მანამდე რა ჩატარებულა, მანამდე ვისთვის გიმასპინძლიათ, კონკრეტულ ლოკაციაზე მანამდე ვისი ღონისძიება ჩატარებულა, რადგან ეს ყველაფერი გადამწყვეტი ფაქტორია მათთვის. დღესაც, დავაანონსეთ ღონისძიება და ძალიან ბევრი კომენტარი იყო, როდესაც ადამიანები თხოულობდნენ „ქოლდფლეის“, ბიონსეს და სხვა არაერთი სუპერვარსკვლავის სახელი იყო ჩამოწერილი. იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად გავახაროთ ჩვენი მელომანები და ავახდინოთ ოცნება, რომ ოდესმე, საქართველო მართლაც გახდეს „ქოლდფლეის“, ბიონსეს და ზოგადად, ასეთი რანგის არტისტების მასპინძელი, ზუსტად ამიტომ არის საჭირო, რომ საქართველომ უმასპინძლოს ბრუნო მარსის, Imagine Dragons-ის, The Killers-ის და სხვა მსგავსი მასშტაბის არტისტების კონცერტებს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ, უფრო აქტიური კომუნიკაცია გავაგრძელოთ სხვადასხვა არტისტებთან და ყველაზე მნიშვნელოვანი, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო გასართობი ინდუსტრიის რუკაზე საქართველომ იკაშკაშოს. ჩვენი ქვეყანა მზად არის და მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ადამიანები მოიზიდოს სწორედ ამ მიმართულებით - გასართობი ინდუსტრიის დახმარებით. როცა ელაპარაკები სააგენტოს და ეუბნები, რომ ჩატარებულა მაქსიმუმ სამი მასშტაბური კონცერტი და ისიც წლების წინ, ავტომატურად ჩნდება კითხვები, რომ რამდენად შევძლებთ ამ ყველაფრის ორგანიზებას. შესაბამისად, ეს კითხვები რომ არ გაჩნდეს, ამ ყველაფერს უპასუხებს არა ერთი, მაღალ ხარისხში ჩატარებული ღონისძიება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ორ წელიწადში, Starring Georgia-ს ორწლიანი კამპანიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ექნება აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები უფრო დიდი სახელების მასპინძლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ციცი იაშვილი.

 

„ბლექ სი არენას“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ Starring Georgia გასართობ ინდუსტრიაში მომუშავე კერძო სექტორსაც მისცემს განვითარების საშუალებას.

 

„ის ფესტივალები და სხვადასხვა საორგანიზაციო ჯფუფები, კლუბებიც შეგვიძლია ამ რანგში გავიყვანოთ, რომლებიც წლებია, საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ ამ სფეროში. მსგავსი ღონისძიებები, მათთვისაც ხელსაყრელი პირობა იქნება, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ელექტრონული მუსიკის არტისტი არის თუ რა მიმართულების - როდესაც „დასაბუქად“ პირველ კომუნიკაციას იწყებ, თავის გაცნობის მიზნით აუცილებლად გჭირდება თქვა, მანამდე რა გაგიკეთებია და შენს ქვეყანაში რა ჩატარებულა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კომუნიკაციაში, როდესაც ამბობ, რომ შენ ხარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ეს ჩატარებულა ან ტარდება, ეს დამატებითი პრივილეგიაა.

 

რაც შეეხება კერძო სექტორის მეორე მხარეს, ვგულისხმობ სპონსორებს, სტარტაპებს თუ ასე შემდეგ, ერთია, რომ სპონსორებს აქვთ საშუალება, შენი ღონისძიების შესაძლებლობით კომუნიკაცია მოახდინონ არა ათობით, არამედ ათი ათასობით ადამიანთან. აქ საუბარი არ არის მარტო კონცერტზე. კონცერტამდე, თუნდაც სტადიონის მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ და რამდენი ხნით ადრე უნდა მოვიდეს მელომანი კონცერტზე დასასწრებად, წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი აქვს კონკრეტული კერძო სექტორის წარმომადგენელს, მის პოტენციურ მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ. ასევე, მეორე მხარეა სტარტაპები, რომლებსაც ასევე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა თავისი პროდუქციით, იქნება ეს კვების ნაწილი თუ სხვა და ღონისძიებაზე მოსულ ათობით ათას ადამიანს გააცნოს საკუთარი პროდუქცია“, - აღნიშნავს ციცი იაშვილი.

 

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

 

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

 

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

 

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner