"მე მინდა ყველას, ვინც ახლა ევროპარლამენტიდან კრიტიკით გამოდის, გავახსენო რეზოლუციები მიხეილ სააკაშვილზე, წინადადებები კეზერაშვილზე და ვუთხრა, რომ მათაც ჩაიხედონ სარკეში და ნახონ, რამდენად მართლები იყვნენ რეზოლუციების წერისას და აზიანებდნენ საქართველოს იმიჯს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ზედაპირულობას, არ მგონია რომელიმე ევროპარლამენტარს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს რეფორმებზე, რამდენიც ევროკომისიას აქვს ან პარტნიორ ქვეყნებს. პარტნიორი სახელმწიფოები და კომისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროგრესი ნათელია და გასაკვირია ასეთი განცხადებები ევროპარლამენტიდან.
ზოგადი განწყობა ევროპარლამენტში ასეთია და სამწუხაროდ, ძალიან გვიჭირს ინფორმაციის მიწოდება, რადგან ხშირად ეს ინფორმაცია არ არის მიღებული, ან არ კითხულობენ, განწყობის ამბავია. ფაქტია, რომ სრულიად სხვა განწყობებია დედაქალაქებში და, როგორც მეუბნებიან, სხვა განწყობაა ევროპარლამენტში. ეს, რა თქმა უნდა, პარადოქსულია, როდესაც ეროვნულ პარლამენტებში სხვა განწყობაა და ევროპარლამენტში სხვა“, - აცხადებს სამხარაძე.