ავტორი თაკო კვარაცხელია
- ქალბატონო ეკა, ჩვენი საუბარი იმ განახლებული შოუ-პროგრამით დავიწყოთ, რომლითაც უკვე წარსდექით ქართველი მაყურებლის წინაშე. კონცერტებმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგითა და მაყურებლის უწყვეტი ტაშის ფონზე ჩაიარა. მოგვიყევით, რა სიახლეები შესთავაზეთ მაყურებელს?
- ჩვენი განახლებული პროგრამა იყო კოლოსალური შრომის შედეგი, რომელიც მთელმა ანსამბლმა გასწია, რისთვისაც ანსმაბლის წევრებს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი. ბატონებმა, ჯემალ ჭკუასელმა და რეზო ჭოხონელიძემ ოცდაათი წელიწადზე მეტი შეალიეს იმ ყველაფერს, რაც დღეს დაედო საფუძვლად „ქართული საგანძურის“ განახლებული ვერსიის შექმნას. ამ კონკრეტულ პროგრამამდე კი იყო „ლეგენდა თამარზე“, „ქართული შტორმი“ და „ქართული ლეგენდა“. ის რაც ქართველმა მაყურებელმა იხილა, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, იხვეწებოდა, ვითარდებოდა და ემატებოდა ახალი დეტალები... ვეძებდით სხვადასხვა ვარიანტებს, როგორც სიმღერაში, ისე ქორეოგრაფიული თვალსაზრისითაც და შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვართ. ამ ახალ პროგრამაში კიდევ შევა ცვლილებები და რაც აქამდე ვერ მოვასწარით აუცილებლად დაემატება შემდეგ კონცერტებზე, ასე, რომ ჩვენს მაყურებლებს კიდევ ბევრი სიახლე ელოდება!
- ქართველი მაყურებელი ძალიან მგრძნობიარეა ქართული სიმღერისა და ცეკვის მიმართ და დიდი სიფაქიზით, თუმცა, ამავდროულად, კრიტიკულადაც აფასებს ყველანაირ სიახლეს - ახალ რიტმებს, ახალ ილეთებს, ახალ მოძრაობებს... თქვენ სიახლეებით დახუნძლული პროგრამა შესთავაზეთ მაყურებელს, რომელმაც კონცერტის დასასრულს, ფეხზე მდგარმა, ოვაციებით გაგაცილათ სცენიდან. იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ, რა ახალი სასიმღერო თუ ცეკვის ნომრები იყო წარმოდგენილი?
- დიახ, ბევრი სიახლე გვქონდა არამხოლოდ ქორეოგრაფიულ, არამედ სასიმღერო ნომრებშიც. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც არასოდეს შეიცვლება ჩვენს რეპერტუარში ეს, ჩაკრულოა, რომლის ისტორიაც, დანიშნულებაც და მნიშვნელობაც არამარტო ჩვენი ანსამბლისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, ფასდაუდებელია. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩვენი ანსამბლის მომღერლების მიერ (დუეტი როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე) შესრულებული „ჩაკრულოა“ გაგზავნილი 1977 წელს კოსმოსში. იყო კიდევ რამდენიმე ნომერი, რომელიც მე და ჩემმა ძმამ, „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა არ შევცვალეთ და მამის სახელის უკვდავსაყოფად დავტოვეთ პროგრამაში. მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახალმა ნომერმა „ქართლ-კახური საზეიმო“, რომელსაც შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: ჯერ კიდევ 1885 წელს შეიქმნა მომღერალთა გუნდი და შემდგომ, 1889 წელს მათ შეუერთდათ მოცეკვავეთა ჯგუფი. ისტორიით ვიცით, რომ სწორედ მათი გაერთიანებული პირველი ნომერი იყო „ცანგალა და გოგონა“, რომელშიც სიმღერა და ცეკვა ერთად იყო წარმოდგენილი. „ქართლ-კახურის“ ინსპირაცია სწორედ ეს უძველესი ნომერი გახდა. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგებით ყველა დეტალს და წვრილმანსაც კი, რადგან გვინდა, რომ „ერისიონმა“ არ დაკარგოს საკუთარი ხელწერა და არასოდეს არავის დაემსგავსოს. თამამად შემიძლია ვთვქა, რომ „ერისიონი“ ქვეყნის პირველი ანსამბლია და იმსახურებს დარჩეს ინდივიდუალურად და უნიკალურად. ვცდილობთ, არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, მაგრამ XXI საუკუნესაც ვუწყობთ ფეხს და ვფიქრობ, ამას წარმატებითაც ვართმევთ თავს.
- როგორ ახერხებთ ქალბატონო ეკა, ამ ოქროს შუალედის პოვნას, ეს ხომ პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასია?
- თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ თანამედროვეობა ქართულ სიმღერასა და ცეკვაში სწორედ „ერისიონმა“ შემოიტანა. გემახსოვრებათ 2000-იანი წლების დასაწყისი და ფრანგული პროექტი, რომლის ავტორებმაც მაშინ გვითხრეს, რომ ჩვენ ვფლობდით უძვირფასეს მარგალიტს, რომელსაც სჭირდებოდა კარგად შეფუთვა, რაც იგულისხმებოდა იმ დროისთვის თანამედროვე განათებასა და გახმოვანებაში. არაერთგვაროვანად შეხვდა მაყურებელი, როცა მუსიკას ბას-გიტარისა და დასარტყამი ინსტუმენტების ჟღერადობა დაემატა, თუმცა, საბოლოოდ შეიყვარა ის და დღესაც, ამდენი წლის გასვლის შემდეგაც, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მაყურებლებში. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ქართული ცეკვა მრავალფეროვანი, მსუყე, ღრმა და მდიდარია, მაგრამ მუსიკა ცეკვასთან მიმართებაში შედარებით ღარიბიო... ბავშვობაში მაკვირვებდა ამ ფრაზის მოსმენა, თუმცა, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ მამა აბსოლუტურად მართალი იყო... როცა ჩვენი საკრავებისა და თანამედროვე ინსტრუმენტების შერწყმით, ჟღერადობა სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა, მივხვდი, რომ მამა ნამდვილად არ სცდებოდა! ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ, ჯემალ ჭკუასელმა დაიწყო იმ ურთულესი გზის გავლა, რასაც ტრადიციულისა და თანამედროვეს შერწყმა ჰქვია და ახლა ჩვენ, მე და ჩემი ძმა, შერმანდი ჭკუასელი მამას დაწყებულ გზას ვაგრძელებთ. მან ჩვენ უზარმაზარი სკოლა გაგვატარა და მისგან მიღებული ეს ცოდნა და გამოცდილება ყოვოლდღიურად ანსამბლთან ურთიერთობაში ძალიან გვეხმარება.
- ქალბატონო ეკა, ბატონი ჯემალის გზა სულ უცხო ადამიანსაც რომ გაეგრძელებინა, ეს მისთვისაც უდიდესი პასუხისმგებლობა იქნებოდა, თუმცა, ალბათ ორმაგად რთული და საპასუხისმგებლოა ეს საქმე შვილებისთვის, რადგან ჯემალ ჭკუასელი თქვენთვის ხომ არამხოლოდ დიდი მაესტრო, არამედ, პირველ რიგში, მამა იყო. როგორ ფიქრობთ, მოეწონებოდა ბატონ ჯემალს ის განახლებული პროგრამა, რომელიც ორიოდე კვირის წინ წარუდგინეთ მაყურებელს?
- ვფიქრობ მამა ტაშს დაგვიკრავდა და იამაყებდა ჩვენით. ყოველდღიურად ვიხსენებ მამას ფრაზებს, მის შენიშვნებსა და დარიგებებს. ჯემალ ჭკუასელი თავად იყო უდიდესი ნოვატორი, ძალიან რისკიანი, თამამი ადამიანი და ახლა ჩვენ, მისი შვილები ვცდილობთ გავაგრძელოთ ის გზა, რასაც მამამ მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
- წინ ხანგრძლივი და დატვირთული ტურნე გელოდებათ ჯერ ქვეყნის შიგნით, შემდეგ კი იწყება გასტროლები აზიასა და ევროპაში.. ცნობილია, რომ ანსამბლი „ერისიონი“ მალე ჩინელი და ინდოელი მაყურების წინაშეც წარსდგება. როგორი შეგრძნებაა ის, რომ მოუთმენლად გელიან უზარმაზარი კულტურის მქონე ქვეყნებში და როგორ უნდა გააოცოთ ისინი, ვინც უძველესი და უმდიდრესი ცივილიზაციით, თავად აოცებენ მთელ მსოფლიოს?
- ჩვენი ანსამბლი ჩინეთში არაერთხელ ყოფილა, ბოლოს 2019 წელს ვიყავით, სადაც ფესტივალის ფარგლებში 600 000 000-მა ადამიანმა პირდაპირ ეთერში იხილა ჩვენი შოუ-პროგრამა. წარმოუდგენელი რიცხვია, არა?! საოცარი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს კონცერტებს, ჩვენს პოლიფონიას აცრემლებული ისმენდა ჩინელი მაყურებელი. რაც შეეხება ინდოეთს, ანსამბლს გასტროლები ინდოეთში არ ჰქონია 80-იანი წლების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, იქაც დიდი წარმატებები გვექნება. უახლოეს დღეებში ჩვენი გასტროლების ფარგლებში, ვეწვევით საბერძნეთსა და იორდანიასაც.
- რაც შეეხება ევროპულ ტურნეს, რომელ ქვეყნებში გაქვთ დაგეგმილი კონცერტები?
- 2024 წლის თებერვლის ბოლოდან მასშტაბური ტურნე იგეგმება ევროპაში. რაც ამ დროისთვისაა ცნობილი, ვეწვევით შვეიცარიას, იტალიას, გერმანიას, ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს, თუმცა, ამ სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატება...
- ვფიქრობ, ანსამბლის საზღვარგარეთ გასვლა იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის უზარმაზარი ზეიმი იქნება. როგორ გხვდებიან ისინი?
- ნამდვილად ასეა, ემიგრანტები, როგორც ყოველთვის, დიდი სიხარულით გვხვდებიან. თუმცა, არ შემიძლია არ გამოვყო საბერძნეთში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს უშუალოდ ქართველი ემიგრანტებისთვის ჩატარებული კონცერტი, რომლებმაც უზარმაზარი სპორტ-დარბაზი გაავსეს. საოცრება ხდებოდა, ისეთი ემოციური საღამო გამოვიდა, რომ არა მხოლოდ ემიგრანტები, არამედ ჩვენი მსახიობებიც კი, ნომრების შესრულების დროსაც ვერ იკავებდნენ ცრემლებს... ყოველთვის ასეთი ემოციურია ჩვენს ემიგრანტებთან შეხვედრა, რადგან ვცდილობთ, მათ ჩვენი წილი პატარა საქართველო ჩავუტანოთ, რომ ცოტათი მაინც დავუამოთ ის ტკივილი, რასაც სამშობლოდან შორს ცხოვრება ჰქვია.