logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა, მთავარია დავინახოთ შედეგი - ჯერჯერობით კი შედეგი ის არის, რომ რუსეთს უკრაინის 20%-ზე მეტი ისევ ოკუპირებული აქვს.
- +

9 ივნისი. 2023. 10:20

 

 

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი ომის დროს დაინტერესებულნი სისტემატურად იტყუებიან, ვინაიდან შეიარაღებულ კონფლიქტში გამარჯვების მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა საინფორმაციო ომის მოგებაც არის“,  - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის  ომში განვითარებული მოვლენები, საინფორმაციო ომის ნათელი მაგალითია, რასაც მარიუპოლის და ბახმუტის ბრძოლების დროს მოწინააღმდეგეების მიერ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების გავრცელება ადასტურებს. კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემთხვევაშიც, სწორი დასკვნის გამოტანის მეტი საშუალება საზოგადოებას იძლევა იმაზე დაფიქრებით მიეცემა, თუ ვის აწყობს ეს ფაქტი.

 

სად არის სიმართლე?

 

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი ომის დროს დაინტერესებულნი სისტემატურად იტყუებიან, ვინაიდან შეიარაღებულ კონფლიქტში გამარჯვების მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა საინფორმაციო ომის მოგებაც არის. ამას ჩვენს თვალწინ რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებული მოვლენებიც გვარწმუნებს ყოველდღიურად.

 

ჯერ იყო და, მარიუპოლის ბრძოლებზე ყოველდღე გვესმოდა ტყუილები:

 

ერთის მხრივ, რუსები გვარწმუნებდნენ, რომ დღე-დღეზე აიღებდნენ ქალაქს, მეორე მხრივ კი უკრაინელები ამბობდნენ, რომ ამ ქალაქის აღებას რუსები ვერასოდეს შეძლებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ წელიწადი დასჭირდათ რუსებს მის ასაღებად და არ აღმოჩნდა აუღებელი ციხე-სიმაგრე.

 

თითქმის იგივე განმერდა ბახმუტში, რომელიც ვერ აღმოჩნდა დღეს-ხვალ ასაღები (როგორც რუსები აფიშირებდნენ), თუმცა, ვერც უკრაინელების დაპირება გამოდგა სიმართლე (რომ ამ ქალაქს არასოდეს დათმობდნენ).

 

ახლა ახალი კახოვკის დამბა ააფეთქეს და რუსები და უკრაინელები ამას ერთმანეთს აბრალებდნენ.

 

ბევრმა მაშინვე დაადანაშაულა ერთი ან მეორე მხარე, თუმცა ამერიკელებმა და ნატოს ხელმძღვანელობამ დიპლომატიური განცხადებები გააკეთეს, ჯერ დეტალებს ვაზუსტებთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს მაინც რუსეთის ბრალია, რადგან ჯერ ერთი, ეს ელექტროსადგური მათ ხელში იყო და გარდა ამისა, რუსები რომ არ შეჭრილიყვნენ უკრაინაში და ეს ტერიტორია არ დაეკავებინათ, ის არც აფეთქდებოდაო. ამით მათ არაპირდაპირ დაუშვეს, რომ ის შეიძლება უკრაინელებმა ააფეთქეს, მაგრამ რუსეთს ეს ომი რომ არ დაეწყო, არც დამბის აფეთქება გახდებოდა საჭირო და ამიტომ ეს მაინც რუსების ბრალიაო.

 

ასეთ შემთხვევაში ობიექტურ ადამიანს მართებს ყველა მხრიდან ინფორმაციის მოსმენა და დასკვნების ისე გამოტანა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ არის ადვილი სწორი შეფასებების გაკეთება. სწორი დასკვნის გამოტანის მეტ საშუალებას იძლევა იმაზე დაფიქრება და ანალიზი, თუ ვის აძლევს ხელს ესა თუ ის ფაქტი, მოვლენა თუ ინფორმაცია.

 

ასეთ შემთხვევაშიც ყოველთვის ადვილი არ არის გარკვევა, ვისთვის არის ფაქტი მომგებიანი.

 

მაგალითად, ახალი კახოვკის დამბის აფეთქებაზე ერთი მხარე ამტკიცებს, რომ ეს რუსებს უფრო აწყობდათ, რათა შეეჩერებინათ უკრაინის მიერ ბოლო დღეებში დაწყებული ხელმოწერა, მეორე მხარე კი ამას აბსურდს უწოდებს, რადგან სწორედ რუსების მიერ კონტროლირებული ქალაქებისა და სოფლების უმრავლესობა იძირება წყალში, რუსების თავში სახლელია 20 ათას ადამიანზე მეტის ევაკუაცია და რაც მთავარია, რუსების მიერ კონტროლირებად ყირიმს ამ ტერაქტის შედეგად უწყდება წყლით მომარაგება.

 

რუსული მხარის მტკიცებით, რა თქმა უნდა, ეს ტერაქტი უკრაინელებმა განახორციელეს.

 

იგივე ითქმის უკრაინელთა მიერ ფართოდ რეკლამირებულ და ბოლო დღეებში დაწყებულ კონტრშეტევაზე, რომელიც უკრაინელთა მტკიცებით დიდი წარმატებით მიმდინარეობს და ათასობით რუს მებრძოლს ხოცავენ, ხოლო რუსების ინფორმაციით, მათ ყველა შეტევა მოიგერიეს და რამდენიმე დღეში 4 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და ასეულობით ნატოს მიერ გადაცემული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

 

მოკლედ, დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა.

 

მთავარია, დავინახოთ შედეგები. ჯერჯერობით კი შედეგი ის არის, რომ რუსეთს უკრაინის 20%-ზე მეტი ისევ ოკუპირებული აქვს.“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner