„ქვეყნის მთავრობა და ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ იყოს უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის, საქმიანი ადამიანების საჭიროებებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გელა სამხარაულის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა გელა სამხარაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ძალიან ბევრს შრომობდა სასოფლო-სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ის ყველა ჩვენგანთან ერთად ხმალამოღებული დამცველი იქნება თითოეული თქვენგანის ინტერესების", -მიმართა ახმეტელებს გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ახმეტის ყოფილ მაჟორიტარს ზურაბ ზვიადაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდში რჩება.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძირეული რეფორმები განხორციელდება მმართველობაში.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ამ პერიოდის განმავლობაში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისთვის, რათა სრულად დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, ტურისტული მიმართულებებით გზების მშენებლობა, ტურიზმის განვითარების მიზნით. ახმეტას ეს პირდაპირ შეეხება, ვინაიდან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებითაც", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ასევე გაწერილია კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალოს განათლების სისტემა, პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული.
„ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან", -აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის შექმნის შესახებ და 2012 წლის შემოდგომაზე მოხდა ძირეული გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ სინამდვილეში.
„თქვენ გახსოვთ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანია, თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები. დღეს არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა. შევეცდებით, ეს აღარ განმეორდეს. ამ 4 წლის განმავლიბაში მოვაგვარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, აღარ არის საჭირო უკანასკნელი ქონების გაყიდვა, რომ ოჯახის წევრს უმკურნალო. არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, როგორც არის დღეს. ჩაყრილია საფუძველი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება სტაბილურობაზე გაამახვილა.მისი თქმით, სტაბილურობის გაერშე შეუძლებელია სამომავლო გეგმებზე საუბარი.
„გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და ამავე დროს ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში.
ჩვენი შემდგომი ამოცანაა ვისაუბროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ახმეტის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით ახმეტაში ვითარდება ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე შემდგომში ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ ყველაფერს ტურიზმის განვითარება მოჰყვება.
„ასევე, მინდა აუცილებლად ავღნიშნო და კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების, რაც ახმეტელების მისამართით ჩაიდინა. მოგეხსენებათ, ხე-ტყის მრეწველობა ახმეტისთვის ყოველთვის ტრადიციული დარგი იყო და უამრავი ადამიანი იყო ამ მიმართულებით დასაქმებული. როდესაც გაყიდეს გრძელვადიანი ლიცენზია და ფაქტობრივად, ეს რესურსი აღარ გახდა ხელმისაწვდომი ახმეტელებისთვის, პირიქით, მას შემდეგ უბედურების მომტანიც კი არის ზოგიერთი ოჯახისთვის. ამ საკითხზე სწორედ, პრემიერთან შეთანხმებით, ჩვენ ვმუშაობთ. დღეს რა ხდება რეალობაში, ეს რესურსი იჭრება, მორის სახით გადის დასავლეთ საქართველოში, იქ იხერხება და იყიდება უცხოეთში, იმის მაგივრად, რომ აქ ადგილზე ამუშავებულიყო წარმოება, აქ ადგილზე დასაქმებულიყო ხალხი, თან უამრავი ამ მიმართულების სპეციალისტი ცხოვრობს ახმეტაში, მათ ეს სიკეთე არ ადგებათ. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში, სწორედ ზეგ გვექნება შეხვედრა ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროში და გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ უკვე ახალი ხედვა, თუ როგორ შეიძლება სწორედ ჩვენი ხელისუფლების, სახელმწიფოს ჩარევით, ეს რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი და ახმეტას კვლავ დაუბრუნდეს ის ფუნქცია, რომ ადგილზე შეიქმნას დამატებული ღირებულება და გახდეს სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის. გეგმები მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს", - განაცხადა გელა სამხარაულმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს „ქართული ოცნების" ხედვა და 8 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ.
„მე მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ გააკეთებთ რეალურ არჩევანს და მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა გელა სამხარაულმა.