2023 წლის პირველ კვარტალში ევროზონა რეცესიაში შევიდა - ევროპის სტატისტიკური უწყება Eurostat-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროზონაში მშპ 0,1%-ით შემცირდა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
ამას წინ უძღოდა მშპ-ის ანალოგიური შემცირება 2022 წლის მეოთხე კვარტალში. მშპ-ის ზედიზედ ორ კვარტალში შემცირება რეცესიის ნიშანს წარმოადგენს.
ყველაზე მეტად 2023 წლის პირველ კვარტალში ევროზონაში მშპ-ის შემცირებაზე აისახა ამ მაჩვენებლის შემცირება ირლანდიაში (4,6%). ლიეტუვის ეკონომიკა 2,1%-ით, ხოლო ნიდერლანდების ეკონომიკა - 0,7%-ით შემცირდა.
გერმანიაში, რომელიც ასევე რეცესიის მდგომარეობაშია, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 0,3%-ით შემცირდა.