„პოლონურ კანონზე მძაფრი რეაქციის შემდეგ, გასაგებია რატომ არ უნდოდათ საქართველოს მიეღო „უცხოური გავლენების შესახებ", აღნიშნული კანონი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, არამეგობრულ ქმედებებს გამოააშკარავებდა“, - ასე ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „რუსული გავლენების შესახებ" პოლონეთში მიღებულ კანონს.
როგორც დავით ჩიხელიძე Facebook-ზე წერს, პოლონეთის პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერის გაკრიტიკებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკომისია საკუთარ თავს იცავენ, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში კანონი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების გამოვლენას დაიწყებს, რომელიც პოლონეთის შიდა საქმეებში ერევიან.
„პოლონეთში მიღებულმა კანონმა „რუსული გავლენების შესახებ" აშშ-ს და ევროპას დემოკრატიის ნიღაბი ჩამოხსნა. პოლონეთში მიღებულმა ერთი შეხედვით უწყინარმა კანონმა დასავლეთი შეაშფოთა. კანონი მიზნად ისახავს ქვეყნის ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში 2007-2022 წლებში პოტენციური რუსული გავლენის გამოაშკარავებას. პოლონეთის პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკომისიის მყისიერი რეაქცია მოჰყვა, ისინი პოლონურ დემოკრატიას აკრიტიკებენ, რომელიც რეგრესს განიცდის.
ერთი შეხედვით, აშშ და ევროპა რუსეთის დაცვას ცდილობენ, რეალურად კი საკუთარ თავს იცავენ და რისკების დაზღვევას ცდილობენ. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ აშშ და დასავლეთი აქტიურად ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ჩარევა ძირითადად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ხდება, რომელიც მოსახლეობის აზრის ფორმირებას და იმ კურსის გატარებას ცდილობს, რომელიც დასავლეთისთვის არის მისაღები. მათი დაფინანსებით ხდება ფერადი რევოლუციები და ა.შ. პოლონური კანონი აშშ-სთვის და ევროპისთვის საფრთხის შემცველია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში კანონი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების გამოვლენას დაიწყებს, რომელიც პოლონეთის შიდა საქმეებში ერევიან. პოლონურ კანონზე მძაფრი რეაქციის შემდეგ, გასაგებია რატომ არ უნდოდათ საქართველოს მიეღო კანონი "უცხოური გავლენების შესახებ" აღნიშნული კანონი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, არამეგობრულ ქმედებებს გამოააშკარავებდა“, - წერს დავით ჩიხელიძე.