ნოტარიუსთა პალატის პროექტი ,,პროფესია ნოტარიუსი“ გრძელდება. პალატის გამგეობის წევრი, ნოტარიუსი მარინე სიხარულიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
როგორ გავხდე ნოტარიუსი, სტაჟირება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი პროფესიის დასაუფლებლად, სტაჟირების კონკურსის წესი და პირობები - ამ და პროფესიის დასაკავებლად საჭირო სხვა ეტაპების შესახებ ნოტარიუსმა მარინე სიხარულიძემ მომავალ იურისტებთან საჯარო ლექციის ფორმატში ისაუბრა.
საჯარო ლექციის დასასრულს ნოტარიუსმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექციების გამართვის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.