პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე „ნატო-ღმერთისადმი“ რწმენა თანდათან სუსტდება. ფაქტია, რომ უკრაინაში ნატო რუსეთს ებრძვის უკრაინელთა ხელით. ნატო არა მხოლოდ ამარაგებს უკრაინელებს სუპერთანამედროვე იარაღით, არამედ ასწავლის და ამზადებს კიდეც უკრაინელ მებრძოლებს ამ იარაღების ეფექტურად გამოყენებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნატო
ყოველდღე გვესმის: ნატო გვიშველის!
ჩვენი ხსნა ნატოშია!
მხოლოდ ნატოშია ჭეშმარიტება!
ნატო, ნატომ, ნატოს...
მოკლედ, ნატო ყველა ბრუნვაში. ასე მხოლოდ გულწრფელი (ან ფარისეველი) მორწმუნეები გაიძახიან: „ღმერთო!“, „ღმერთო!“, „ღმერთო!“ არადა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე „ნატო-ღმერთისადმი“ რწმენა თანდათან სუსტდება. ფაქტია, რომ უკრაინაში ნატო რუსეთს ებრძვის უკრაინელთა ხელით. ნატო არა მხოლოდ ამარაგებს უკრაინელებს სუპერთანამედროვე იარაღით, არამედ ასწავლის და ამზადებს კიდეც უკრაინელ მებრძოლებს ამ იარაღების ეფექტურად გამოყენებას.
და რა გვაქვს შედეგად?
ასიათასობით მოკლული და დაჭრილი უკრაინელი, ლტოლვილად ქცეული და თითქმის განახევრებული მოსახლეობა, დანგრეული ქალაქები და სოფლები, უკრაინის ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაცია. გავიხსენოთ, 2008 წლის ომი, ომის გამო კიდევ დამატებით ტერიტორიების დათმობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების 20%-ც ნატოს იმედით წამოწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგია და ა. შ.
ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინელებს ეუბნება: ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა, მაგრამ სანამ რუსეთს არ დაამარცხებთ, ამ კარში ვერ შემოხვალთ.
რატომ?
იმიტომ, რომ დღეს უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს ნატოში შემავალი სახელმწიფოების მებრძოლების საომარ მოქმედებებში ჩართვას. ნატოს ქვეყნები კი თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს უფრთხილდებიან. ფული და იარაღი გინდათ? კი ბატონო, მიიღეთ მილიარდობით, იომეთ და დაიხოცეთ რადგან ასე გინდათ, მაგრამ ჩვენ ნუ მოგვთხოვთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უაზრო რისკის ქვეშ დაყენებას.
ასე თუ გაგრძელდა და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმაც არ გარისკეს საკუთარი მეომრების სიცოცხლით, თუ მუდმივად ღია კარში დააყენეს უკრაინა (და საქართველოც), თუ ნატოში მიღების პირობად ამ ქვეყანას რუსეთის ომში დამარცხება დაუყენეს, თუ ნატომ მხოლოდ იძახა, რომ უკრაინა რუსეთთან ბრძოლაში მთელ ევროპას იცავსო და უკრაინელების სიცოცხლის და ქვეყნის დანგრევის ფასად საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა ჩათვალა ნორმალურ მოვლენად, აშკარა გახდება, რომ ნატო მხოლოდ მოლაპარაკე, წამქეზებელი და სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ტერიტორიების დაცვის სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკით, ნატო მალე ყოველგვარ მიზიდულობას და ავტორიტეტს დაკარგავს“, - წერს ნანა კაკაბაძე.