თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამგორის რაიონის დაარსებიდან 50 წლისთავი მიულოცა.
„სამგორი ზეიმობს დაარსებიდან 50 წლისთავს. ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია ჩვენს უძველეს, ულამაზეს დედაქალაქში. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც და უშუალო ჩართულობით შედგა დღევანდელი საღამო, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ღონისძიების კონცეფციის განხორციელებაში, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა, რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი.
საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გამოიფინა სამგორის განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალა. მოეწყო პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფები - „რეგიონი“ და „რეზო და ბავშვები“.