ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია ეთერში, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებებს ეხმაურება და აბსოლუტურ ტყუილსა და დაზარალებული მოქალაქის იურიდიული ინტერესის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ქმედებას უწოდებს. ორგანიზაცია გიორგი მშვენიერაძეს მიმართავს, გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე მომდევნო მსჯელობების დროს, არ დაუშვას ფაქტების შეგნებული სიყალბე და ნამდვილი ინტერსის შემთხვევაში, გაეცნოს საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, ვიდრე კონკრეტული განცხადებები და გამონათქვამები მოემსახურება გიორგი პაპუაშვილის დაცვას და საზოგადოების მიზანიმართულ შეცდომაში შეყვანას.
„ახალგაზრდა ადვოკატები" გიორგი მშვენიერაძის განცხადების პასუხად - „მართველი პოლიტიკური ძალის მიერ ბატონი პაპუაშვილის ქონებაზე დაიწყო აბსოლუტურად გაურკვეველი პროცედურები, ფაქტობრივი ყადაღა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს გამოყენებული და რომელზეც ახსნასაც კი ვერ გვეუბნებოდნენ, რატომ იყო ასე" - საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას მოქალაქე როლანდ ბლადაძის მიერ ჩამორთმეულ ბინაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის გამოყენების მიმართულებით განხორციელებულ სამართლებრივ ქმდებებს და მიღებული გადაწყვეტილებებს. გვსურს, საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნები და შეფასებებიც.
1. როლანდ ბლადაძემ 2015 წლის 20 ნოემბერს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის წარმოშობის თაობაზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. 2015 წლის 24 ნოემბრის საქმეზე: #1162314 -15 განჩინებით, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ უარი განაცხადა განცხადების მიღებაზე;
2. როლანდ ბლადაძემ 2015 წლის 25 ნოემბერს, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის წარმოშობის თაობაზე განმეორებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. 2015 წლის 26 ნოემბრის საქმეზე: #1165931 -15 განჩინებით, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ უარი განაცხადა განცხადების დაკმაყოფილებაზე;
3. როლანდ ბლადაძემ 2015 წლის 11 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26 ნოემბრის განჩინება ყადაღის წარმოშობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების უარის თაობაზე. მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის 2015 წლის 16 დეკემბრის საქმეზე: #165931-15 განჩინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში გადაგზავნის თაობაზე;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქმეზე: №2ბ/5900-15 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება (მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი, გოდერძი გიორგიშვილი, ნატალია ნაზღაიძე). საქმე ხელახალ განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
5. 2015 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, საქმეზე: 1165931-15, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ ყადაღა დაადო გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში სადავო უძრავ ქონებას ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩა, #37, ბ. #8;
6. 2016 წლის 4 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ყადაღის წარმოშობის შესახებ სასამართლო განჩინების ბათილად ცნობა. სასამართლოს 11 იანვრის განჩინებით, საქმეზე: #2/28086 -15, გიორგი პაპუაშვილს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მიეცა მას 5-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.
7. 2016 წლის 25 იანვრის საქმეზე: #2/28086-15 განჩინებით, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე, დააკმაყოფილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს შუამდგომლობა და როლანდ ბლადაძის სამართლებრივი ახსნა-განმარტების გარეშე, საქმე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან დამისამართდა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში;
8. 2016 წლის 5 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ არ დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის საჩივარი 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში;
9. 2016 წლის 23 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქმეზე: #3ბ/303-16, მოსამართლე ნინო ქადაგიძემ დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის საჩივარი და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებები. შესაბამისად, ყადაღა მოეხსნა სადავო ქონებას.
10. როლანდ ბლადაძემ 28 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოსამართლე ნინო ქადაგიძის 23 მარტის განჩინების ბათილად ცნობა. აღნიშნულ მოსამართლეს, საქართველოს უზენაესს სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლის სახით, 2005 წელს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული როლანდ ბლადაძის საქმის განხილვაში, რაც კანონის თანახმად, 23 მარტის განჩინების გაუქმების პირდაპირ საფუძვლებს ქმნიდა. 2016 წლის 5 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე: #3ბ/586-16 განჩინებით, საჩივარი განიხილა ისევ მოსამართლე ნინო ქადაგიძემ და მოთხოვნა 23 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
11. როლანდ ბლადაძემ 2016 წლის 28 მარტს თავიდან დაიწყო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. როლანდ ბლადაძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, სადავო ქონების გასხვისების საფრთხიდან გამომდინარე, მოითხოვა გიორგი პაპუაშვილის მიმართ ქმედების გამოყენება - აკრძალვა (სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნტის საფუძველზე);
12. 2016 წლის 28 მარტის თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, საქმეზე: #3/474-16, მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილებით, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
13. როლანდ ბლადაძემ 2016 წლის 4 აპრილს, საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 28 მარტის განჩინების ბათილად ცნობა. სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქმეზე: #3/474-16, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ საჩივარი წარმოებაში მიიღო;
14. 2016 წლის 18 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, საქმეზე: #3/474-16 როლანდ ბლადაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა საქმე მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
15. 2016 წლის 23 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, საქმეზე: 3/ბ-715-16, მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა, როლანდ ბლადაძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინება.
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რაიმე სახის მონაწილეობას სადავო ქონებაზე ყადაღის წარმოშობის თაობაზე სასამართლოს კომპეტენციის გარეშე, სრული სიცრუეა და უკვე იღებს პოლიტიკური ბრალდების ან პოლიტიკური პოზიციის სახეს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მეტი სიცხადისთვის განმარტავს შემდეგს: „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" მე-14 მუხლის 19/4 პუნქტის თანახმად, „თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების ან/და სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღება გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას არ ერთვის აღნიშნული დოკუმენტი, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება." როლანდ ბლადაძემ კანონით ნებადართული აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა მაშინ, როდესაც სასამართლოებში ხდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართვები და სადავო ქონებას მოხსნილი ჰქონდა ყადაღა, თუმცა როლანდ ბლადაძეს სასამართლოების გადაწყვეტილებების შედეგად, ყველა სამართლებრივი მოქმედება შეზღუდული აქვს, ხელახლა მოითხოვოს სადავო ქონებაზე ყადაღა ან სადავო ქონების გიორგი პაპუაშვილის მხრიდან გასხვისების აკრძალვა.
„ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავს, რომ ქართული სასამართლო პრაქტიკა არ ცნობს შემთხვევას, როდესაც მოქალაქე როლანდ ბლადაძის საქმეზე საერთო სასამართლობში გრძელდება სამართალწარმოება და სადავო ქონებაზე, დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღის ან აკრძალვის სახით. საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა. სწორედ გიორგი პაპუაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, სასამართლოებმა მიიღეს სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ფაქტები, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს გვერდის ავლით, რაიმე სახის მოქმედებების განხორციელებას სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფის მოთხოვნით. გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ამიტომაც ვივიჩნევთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიგვაჩნია, რომ განმცხადებელმა არასწორი ფაქტების გავრცელებისთვის, რაც არ ყოფილა მოსაზრება და შეხედულება, ბოდიში უნდა მოიხადოს.
ცნობისთვის: გიორგი მშვენიერაძემ ზემოაღნიშნული განცხადება 2016 წლის 29 აგვისტოს, საინფორმაციო პროგრამა „მოამბეს" 20:00-საათიან განცხადებაში გააკეთა. „ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას დღეს გაეცნო. ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს, არ მოახდინოს მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. ორგანიზაცია მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს სრულად მიაწოდოს ინფორმაცია სადავო საქმეზე არსებული ფაქტებისა და გადაწყვეტილებების თაობაზე.