ავტორი თაკო კვარაცხელია
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღიარებული ფოტოგრაფი იური მეჩითოვი სულ ახლახან დაბრუნდა ისრაელიდან და, როგორც გაგვიმხილა, ამით მისი დიდი ხნის ოცნება აისრულა... დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რის საშუალებასაც ეს პატარა ინტერვიუ მოგვცემს - ისრაელზე, ფოტოგრაფის თვალით დანახულ რიგით ქართველზე, 80-იანი წლების უნიკალურ კადრებზე, სერგო ფარაჯანოვსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფედერიკო ფელინიზეც კი...
- ბატონო იური, როგორც ვიცით, ისრაელში პირველად ბრძანდებოდით და ამ საოცარი ქვეყნიდან სულ ახლახანს დაბრუნებული უნიკალურ ფოტოებს უკვე უზიარებთ თქვენს ფეისბუქ-მეგობრებს. მოდით, ჩვენს მკითხველებს ის შთაბეჭდილებები გაუზიარეთ, რომლითაც საქართველოში დაბრუნდით?
- სწორად თქვით, ეს მართლაც საოცარი ქვეყანაა... ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ისრაელში წასვლა. ჩემმა მეგობარმა დიმა ბრიკმანმა, რომელიც შეყვარებულია საქართველოზე და რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ამჯერად მასპინძლობა ითავა და ისრაელში დამპატიჟა. ის დამხვდა ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად და ყველა ის ისტორიული ადგილი მაჩვენა, რომლის ნახვაც ასე გულით და სულით მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა საქართველოში დავბრუნდი, შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოვდივარ. საქართველოს ისრაელზე გაცილებით უკეთესი ბუნება აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი წარმატებული სახელმწიფო ვერ ავაშენეთ. საოცარია, მათ უდაბნოში წალკოტი შექმნეს
- თქვენ თქვით, რომ ისრაელის ნახვით დიდი ხნის ოცნება აისრულეთ. კიდევ რა ადგილების ნახვა და აღბეჭდვაა იური მეჩითოვის ოცნება?
- გულწრფელად რომ გითხრათ, ისრაელის გარდა, არცერთ ქვეყანაში წასვლაზე არ მიოცნებია. საერთოდ არ ვოცნებობ მოგზაურობაზე, მე ჩვენი ქვეყნის აყვავებასა და გამთლიანებაზე ვოცნებობ. როცა ახალ ქვეყნებს, ქალაქებსა თუ ადგილებს ვნახულობ, ყოველთვის საქართველოს ვადარებ და ვფიქრობ, მათგან რისი გადმოტანა და გაზიარება შეიძლება. მინდა, რომ ქართველებს არასოდეს შეგვშურდეს სხვა ქვეყნების... სევდიანია ეს ყოველივე...
- ფოტოგრაფის თვალით დანახულ საქართველოში, რა არის ყველაზე საინტერესო, ბუნება, პეიზაჟები, ადამიანები?...
- მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ადამიანები არიან ყველაზე საინტერესონი და, თამამად შემიძლია გითხრათ, ჩვენნაირი საინტერესო სახეები მსოფლიოში ძნელად მოიძებნება... ბუნება ჩვენიც საოცარია, მაგრამ სხვებსაც აქვთ საოცარი ადგილები. ჩვენი გასაოცარი მთათა სისტემის ზუსტი თუ არა, გარკვეული ანალოგი შეიძლება ალპებშიც ვიპოვოთ, მაგრამ ადამიანი არ მეორდება, ადამიანი უნიკალურია თავისი ისტორიით, თავისი ყოფით, თავისი სევდით... რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, აი, ომალოში არ ვარ ნამყოფი, ხევსურეთშიც ვერ მოვხვდი 80-იანი წლების შემდეგ. მინდა ამ ადგილების გადაღება, თუმცა, არა ზედაპირულად, როგორც ტურისტები იღებენ. უფრო მრავალშრიანი ფოტოები მინდა გადავიღო. მახსოვს ერთხელ მასტერკლასზე მკითხა მოსწავლემ, პეიზაჟის გადაღებისას ყველაზე რთული რა არისო, ვუპასუხე, მნახველის აღელვება-მეთქი. პეიზაჟი ადვილი გადასაღებია, მნახველის სულის აფორიაქებაა რთული...
- რაც შეეხება ადამიანს, რამდენად რთულია ადამიანის პორტრეტის შექმნა, მისი სულიერი მდგომარეობის ფოტოზე აღბეჭდვა და მაყურებლამდე მისი სულიერი მდგომარეობის მიტანა?
- მე ლექციებს ვკითხულობ ფოტოსკოლაში და იქაც მისვამენ ამ შეკითხვას. ასეთი ფოტოს გადაღება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთობით. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც ფოტოგრაფს გაუნელებელი ინტერესი აქვს ადამიანისადმი. შემდეგი ეტაპი ტექნიკური აღსრულებაა. ფოტოგრაფს თუ არ ესმის კომპოზიცია, მან თუ არ იცის განათების დაყენება, იგი ვერ შეკრებს იმ სინერგიას, საიდანაც სრულყოფილი შედეგი უნდა დადგეს. უნდა სცადო ადამიანში იმისი დანახვა, რაც თავადაც არ დაუნახავს საკუთარ თავში. მაგალითად, მე გადამიღია ქალი, რომელიც თავის თავს ლამაზ ქალად არ აღიქვამდა, ჩემს მიერ გადაღებული ფოტოების ნახვის შემდეგ კი, ეს ქალბატონი უბრალოდ დაფრინავდა ბედნიერებისგან, რადგან სულ სხვა კუთხით აღმოაჩინა საკუთარი თავი და ცხოვრებაც სხვანაირად ააწყო.
- თქვენ ხართ ალბომის „101 პორტრეტი“ ავტორი, რომლითაც უკვდავყავით 101 ადამიანი... იქ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთა სახეებიც ისედაც იყვნენ უკვდავყოფილნი ჩვენს ისტორიაში, აღბეჭდეთ სრულიად უცხო, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ იქცნენ ვიზუალური კულტურის ნაწილებად. რა ასაკის ადამიანების აღბეჭდვა უფრო დიდ ინტერესს იწვევს თქვენში და საერთოდ, რა ასაკია ფოტოგრაფისთვის განსაკუთრებულად საინტერესო?
- ადამიანი კი არა, სკამიც რომ გადაიღო, მას უნდა ეტყობოდეს დრო... როგორ უნდა ეტყობოდეს დრო?! უნდა იყო ცოტათი შელახული, ხელშევლებული... ადამიანი, რომელსაც ცხოვრება გაუვლია, რომელსაც სახეზე ხაზებად აქვს ასახული ცხოვრების ნაკვალევი, ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ახალგაზრდა, გაწმენდილი სახე გლამურული ფოტოჟურნალისთვისაა ძალიან კარგი, რადგან იქ მთავარია, თვალები ბრიალებდეს, რადგან ასეთ ჟურნალებს სხვა ფუნქცია აქვთ, მათ სხვა „მესიჯი“ აქვთ სამყაროსთვის გასაგზავნი, პორტრეტების შემქმნელ ფოტოგრაფს კი სულ სხვა... ყველა ადამიანის სახეს ეტყობა სევდის კვალი, განუხორციელებელი ოცნებებისგან დატოვებული ტკივილი და სწორედ ეს აქცევს მას უნიკალურად...
- თუმცა, გალაღებული ადამიანებიც ხომ არსებობენ, მათი აღბეჭდვა არაა თქვენთვის საინტერესო?
- გალაღებული ადამიანიც საინტერესოა... საერთოდ ყველა ადამიანი თავისებურად საინტერესოა, მთავარია არ იყოს სულელი. თუმცა, საბოლოო ჯამში, სულელიც შეიძლება იყოს ფოტოგრაფისთვის სახასიათო და საინტერესო. ისე კი, პირადად მე, სულელის სახის გადაღებას მირჩევნია მჭედლის ხელების აღვბეჭდო, რომელსაც კოჟრებზე აქვს ასახული საკუთარი ისტორია.
- გლამურული ფოტოები ახსენეთ წეღან... დღეს ხომ გლამურის ეპოქაა და ყველანი ფოტოშოპირებულ და ფილტრებიან ფოტოსურათებს ვაზიარებთ სოციალურ ქსელებში... დამუშავებული ფოტოსურათი რამდენად ახლოს დგას რეალობასთან და, საერთოდ, საინტერესოა თუ არა ეს პროცესი თქვენთვის?
- ფოტოშოპის საწინააღმდეგო არ შეიძლება რაიმე მქონდეს, მე თავადაც, ყველა ფოტოს ვამუშავებ, რადგანაც მის გარეშე სურათი არ იღებს საბოლოო სახეს. ვინც ამბობს, ფოტოშოპი არ უნდა გამოიყენოო, მას უბრალოდ არ ესმის ტექნოლოგია, არ ესმის არათუ ფოტოსურათის, არამედ საერთოდ ხელოვნების. მაშინაც კი არსებობდა ფოტო-მანიპულაციის საშუალება, როცა არ იყო ფოტოშოპი, უბრალოდ ეს საშუალება ადრე ბევრად მწირი იყო და, შესაბამისად, ბევრ შრომასა და წვალებას მოითხოვდა. საერთოდ, ფოტოგრაფია იყოფა ორ ნაწილად, ფოტოხელობად და ფოტოხელოვნებად. ხელობა უფრო რთულია, ვიდრე ხელოვნება, რადგან ფოტოხელოვანს ყოველთვის შეუძლია თქვას - მე ამ კადრს ასე ვხედავ და ამიტომ გადავიღე ის ასეო, ხელობაში კი ამ ფრაზას უბრალოდ ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ ბოთლიც კი ისე უნდა გადაიღო, როგორც ეს სურს დამკვეთს, როგორიც არის მოთხოვნა... ისე კი, დამიჯერეთ, ბოთლის გადაღება გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე ქალის (იცინის).
- თქვენ ალბათ ფოტოგრაფიც ხართ და ფოტოხელოვანიც, რადგან თქვენს უმდიდრეს კოლექციაში ყველა ჟანრის ფოტოს შეხვდება ადამიანი... რომელი ფოტოა თქვენი სავიზიტო ბარათი?
- მართალი ხართ, ძალიან ბევრი ფოტო მაქვს, რომელთა ნაწილი ვიზუალური კულტურის ნაწილია - აიქონიქ (ICONIC) - ასე ეძახიან მათ თანამედროვე სამყაროში. „ცხრა აპრილის ქალბატონია“ ალბათ ჩემი სავიზიტო ბარათი, რადგან ამ ფოტოს გარშემო დღემდე იწერება ისტორიები, ითხზვება მითები, ტრიალებს ინტრიგები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა და მეც ძალიან მიყვარს ის. რა თქმა უნდა, აქვეა „ფარაჯანოვის ნახტომიც“, რომელიც ძეგლად იქცა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა. ზოგადად იღბალს ძალიან დიდი როლი აქვს ხელოვანის ცხოვრებაში, თუმცა, იღბალი მხოლოდ მასთან მიდის, ვინც ბევრს შრომობს. სწორედ შრომისა და იღბლის შერწყმის ფასად იქმნება ასეთი სახასიათო, ე.წ. აიქონიქ ფოტოები, რომლითაც მერე შეგიძლია, მთელი ცხოვრება იამაყო. მთლიანობაში, მე ბევრი ძალიან კარგი ფოტო მაქვს გადაღებული, მათ შორის ჩვენი სიამაყის, სერგო ფარაჯანოვის უნიკალური კადრები... ზოგჯერ ვხუმრობ კიდეც, რომ დიდ იტალიელ კინორეჟისორს, ფედერიკო ფელინის არ აქვს იმდენი სახე-ხატად ქცეული ფოტო, რამდენიც ფარაჯანოვს, რადგან ფელინის ისე არ გაუმართლა, როგორც ფარაჯანოვს, რადგან ჯერ ერთი, ის არ იყო ასეთი ფოტოგენური, როგორც სერგო, და, რაც მთავარია, მასთან ახლოს არ ცხოვრობდა მეჩითოვი (იცინის).
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, ბატონო იური, ხომ არ იგეგმება თქვენი ალბომის „მზერა ოთხმოციანებიდან“ მომდევნო წლების წიგნის გამოშვება? როგორც ვიცით, ახლა 1988-1989 წლების ფოტოებზე მუშაობთ...
- 80-იანი წლების ბევრი უნიკალური ფოტო მაქვს გადაღებული. „მზერა 80-იანებიდან“ ორი ტომი უკვე გამოშვებული მაქვს. ერთი მათგანი მოიცავს 1980-1984 წლებს, მეორე კი, 1885-1987-ს. ახლა ვმუშაობ 1988-1989 წლებზე, ყველაზე რთულ და მძიმე წლებზე საქართველოს უახლეს ისტორიაში... 270 გვერდი იქნება წიგნში და შეიძლება ერთ ტომში არც კი ჩაეტიოს ამდენი ისტორიული კადრი. იმედია, წელს მოესწრება და დასრულდება ახალ ტომზე მუშაობა და, სავარაუდოდ, ისევ გვერდში დამიდგება საქართველოს კულტურის სამინისტრო, რადგან პირველი ორი წიგნი სწორედ მათი დახმარებით გამოიცა.
- წარმატებებს გისურვებთ, ბატონო იური, და დიდი ინტერესით დაველოდებით ახალ ტომს... ტომებს...