საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბოსნიური „სარაევოს“ თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა ევრო 2023-ისთვის 21-წლამდელთა ნაკრების მზადებაზე ისაუბრა.
„ახლა კვიპროსთან ამხანაგური მატჩის მოლოდინში ვართ. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ამის შემდეგ დავიწყებთ, სადაც ჩვენი პირველი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია – პორტუგალია. ჯერ ამ თამაშზე ვიფიქრებთ და შემდეგ სხვა მეტოქეებზე.
რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გათავისებული გვაქვს, თუ რა დონის ტურნირზე მოგვიწევს ასპარეზობა. ასეთ ეტაპზე პირველად გამოვდივართ და შევეცდებით, ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ“, – ამბობს გიორგი გულიაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ისთვის მზადება ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდი 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატამდე კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
21-წლამდელთა კონტინენტის პირველობა საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.
U21 | მატჩების განრიგი:
21 ივნისი, 20:00
საქართველო V პორტუგალია
24 ივნისი, 20:00
საქართველო V ბელგია
27 ივნისი, 20:00
საქართველო V ნიდერლანდები