logo_geo
eng_logo
საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, შეზღუდვა არ შეეხება უკვე რეგისტრირებულ ავტომანქანებს
- +

12 ივნისი. 2023. 14:20

 

 

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

„გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების „ევრო 5“-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევიდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის - 2025 წლის 1 იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი.

 

„რა თქმა უნდა, მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი გარემოს დაბინძურების შემცირებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner