საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების „ევრო 5“-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევიდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის - 2025 წლის 1 იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი.
„რა თქმა უნდა, მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი გარემოს დაბინძურების შემცირებაა.