„ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემებია, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ამ საკითხზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კი სუროგაცია ნაწილობრივ არის დაშვებული.
„სუროგაციის საკითხი საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან ეს უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ქვეყნის იმიჯს და აშ.. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები, ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხანია ამ თემაზე, გეტყვით, მაგალითები მინდა მოგიყვანოთ: მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, მთლიანად არის აკრძალული, სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, ჰიბრიდული მოდელი არსებობს, ქვეყნები, როგორებიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ, უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ გვქონდა ჩვენ მთავრობის სხდომაზე მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაციები, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება. ამის თაობაზე ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება დამატებით მოგვახსენებს, შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს და კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბევრი არის მსურველი, მე ვიცი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ ამ მეთოდს, სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.