logo_geo
eng_logo
სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებები იზრდება
- +

12 ივნისი. 2023. 19:16

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“  კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

 

კანონპროექტთა პაკეტით განსაზღვრული ცვლილებები, კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

 

ცვლილების მიხედვით, შემუშავდება ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმები;   დაიხვეწება სამართლებრივი ურთიერთობები და იქმნება მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი.

 

„კანონპროექტი ემსახურება რეგულირების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას. სააგენტოს მთავარი ფუნქციაა პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამისთვის მას სჭირდება აღსრულების ქმედითი და ოპერატიული მექანიზმები, რასაც, ასევე ექნება პრევენციული მნიშვნელობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდება. ამასთან, დგინდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულების მიმართ წარმოშობილი სადაო თანხების, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად, ანაზღაურების შეჩერების შესაძლებლობა.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რეგულირების სააგენტოს მიერ წინასწარი შეტყობინების და  სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტზე შესვლის შესაძლებლობას.

 

ცვლილება ასევე, შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების ჩადენისათვის არსებულზე მაღალი სანქციები წესდება.

 

სხდომაზე, კომიტეტის წევრების და დაინტერესებული მხარეების მიერ  შენიშვნები და რეკომენდაციები გამოითქვა. როგორც აღინიშნა, საკითხზე მსჯელობა კვლავ გაიმართება.

 

„საკითხი კომპლექსურია, რომელსაც სიღრმისეული შესწავლა სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ამ დათქმთ, კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner