„ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, რომ გამიჯნოს უფლებების დაცვა პროპაგანდისგან, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ოპონენტების ბრალდებებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰომოფობიაში ადანაშაულებენ.
მდინარაძე ამ კონტექსტში ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერია. მისი შეფასებით, ეს არის ამაზრზენი ფაქტი.
„ყველაფერი შეიძლება იკადრო და „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდირება არ უნდა დააბრალო, მითუმეტეს ლგბტ თემის. საერთოდ არ აინტერესებს ამ ხალხს [რადიკალურ ოპოზიციას] ვინმეს უფლებების დაცვა, მათ შორის არც სექსუალური უმცირესობების. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ არცერთი უმცირესობის წარმომადგენლის უფლება, რაზეც რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველას უფლება ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ამავდროულად კატეგორიულად მიუღებელია ლგბტ მიმართულების პროპაგანდა. დღეს ვნახეთ ჩვენ ამაზრზენი ფაქტი, რომ „ჰეფი მილში“ ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტში სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას, რაც არის ამ თემის შემოპარება და შეგუება პატარა ასაკიდან ამ თემის პროპაგანდის. ამ ქვეყანაში ვერავინ, ვერასდროს შეძლებს, რომ პროპაგანდას უფლებების დაცვა დაარქვას. უფლებების დაცვის სადარაჯოზე ჩვენ ვართ და არავის აინტერესებს მათი ბედი და უფლებები რეალურად, აინტერესებთ მათი პროპაგანდა, რადგან შემდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გავა, წარმოუდგენელია რომ ლგბტ პროპაგანდა გავიდეს. საქართველო სხვა მხარესაა. ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, რომ გამიჯნოს უფლებების დაცვა პროპაგანდისგან, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.