საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ბექა ყორშიას აკრიტიკებს მეცნიერებათა აკადემიის ახლად დანიშნული პრეზიდენტის, როინ მეტრეველის შესახებ მომზადებული სატირული სიუჟეტისთვის.
11 ივნისს „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს, როგორ ამხელს ბექა ყორშია როინ მეტრეველს. თუმცა სახალხო დამცველმა პრობლემა სულ სხვაგან დაინახა.
„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, — წერს იოსელიანი ფეისბუკზე.
სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მეცნიერებათა აკადემიის ახალ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩევლის სახელით დაურეკა და პრემიერ ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.