„ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გაგვაოცა, დეკემბრის თვეში მმართველმა გუნდმა, ვენეციის კომისიას განსახილველად კანონპროექტი, დეოლიგარქიზაციის შესახებ გაუგზავნა. კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მიკერძოებული და ბუნდოვანია“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული მაგალითით ნათლად ჩანს დასავლური ორი ინსტიტუციის ორმაგი სტანდარტი:
„უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კანონპროექტი უკრაინულის ანალოგია, რომელმაც დასავლეთის მოწონება დაიმსახურა. ქართულს კი წინააღმდეგობა შეხვდა. კანონპროექტამდე, ევროპარლამენტართა მხრიდან მუდმივად გვესმოდა, რომ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებული უნდა ყოფილიყო, დღეს კი ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კანონო ზედმეტად პერსონალიზებულია, ევროკომისია კი ამბობს, რომ კანონი ინსტიტუციურია და აუცილებელია პერსონალიზაცია. აღნიშნული მაგალითით ნათლად ჩანს დასავლური ორი ინსტიტუციის ორმაგი სტანდარტი. რეალურად კანონი დაბალანსებული და ობიექტურია, სადაც გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი ოლიგარქად გამოცხადდება.
ევროკომისია ამბობს, რომ კანონი მიღებულ უნდა იქნას, ვენეციის კომისია კი ცალსახად გვეუბნება, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ. არამედ უნდა მოხდეს სისტემური მიდგომა, მიღებულ იქნას მრავალი საკანონმდებლო ცვლილება. საქართველო დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისთვის, მრავალ საკანონმდებლო ცვლილებას იღებს, ამის გარედან კარნახი ნიშნავს, რომ ვენეციის კომისიამ რეალობა არ იცის და სუბიექტურად მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს“, - წერს დავით ჩიხელიძე.