logo_geo
eng_logo
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერეს
- +

13 ივნისი. 2023. 16:10

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს ეწვივნენ.  

 

დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია,  სტრუქტურა, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით არსებული ვითარება გააცნეს. აღინიშნა, რომ ცენტრში ინტენსიურ რეჟიმში პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ყაზარმების, ლაზარეთისა და სასადილოს მშენებლობას მოიცავს.

 

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობა 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა ცენტრის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჩვენ ადგილზე ვნახეთ უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, მიმდინარეობს ათეულობით ახალი ობიექტის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია. მსგავსი მასშტაბის პროექტები თავდაცვის ძალებს არ ახსოვს, ეს პროექტები ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე წელია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების და თავდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას და ახალი ობიექტების მშენებლობას. სპეციალური ოპერაციების ძალებს ეროვნულ თავდაცვაში განსაკუთრებული როლი აქვს, იმდენად რამდენადაც, მათ სრული სპექტრის ოპერაციების განხორციელება უწევთ და მნიშვნელოვანი როლი აქვთ ტოტალურ თავდაცვაში, წინააღმდეგობის კოორდინაციაში. ჩვენი, კანონმდებლების ამოცანაა რაც შეიძლება მეტი რესურსი იყოს მიმართული ქვეყნის თავდაცვაში და მისი დაფინანსება და ბიუჯეტი სტაბილურად მზარდი იყოს. ჩვენ მსგავსი ვიზიტები ხშირად გვექნება და ამ ვიზიტების მიზანია, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობა, ასევე ჩვენი სახელოვანი სამხედრო მოსამსახურეების და ქართული ჯარის დაფასება და მხარდაჭერა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

 

დეპუტატებს საწვრთნელი ცენტრის სასროლეთის შესაძლებლობების გაცნობის, ტექნიკისა და შეიარაღების და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner