დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ აღაიანში პატივი მიაგეს მეხანძრე მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას.
13 ივნისს, მდინარე ვერას ადიდებისას ზურაბ მუზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილს 7 ადამიანი გადაარჩინა - თვითონ კი მდინარეში გაუჩინარდა. ზურაბის ცხედარი წყალდიდობიდან მესამე დღეს „მზიურის" პარკის ტერიტორიაზე იპოვეს, ის 37 წლის იყო.
მეხანძრე წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის" დაჯილდოვდა, ხოლო თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნუცუბიძის პლატოზე ზურაბის სახელი ეწოდა.
ზურაბის სახელი მინიჭებული აქვს მშობლიური სოფლის აღაიანის სპორტულ დარბაზს, იგი ყოფილი მოჭიდავე იყო.