logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
- +

13 ივნისი. 2023. 19:56

 

 

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა. პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 82 ხმით დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პირვანდელ პროექტს.

 

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განმარტა. მისი განცხადებით, კანონის ძველი რედაქციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ასრულებდა, თუმცა კანონში გაწერილი არ იყო თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი აღასრულებდა მის უფლებამოსილებას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მან ვერ მოისმინა ის არგუმენტები თუ რატომ არის საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანის წინააღმდეგი და თუ რა რისკებს და საფრთხეებს შეიცავს ახალი აღმასრულებელი სუბიექტის თანამდებობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მან პარლამენტის მიერ 9 თებერვალს მიღებულ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ხელის არ მოწერის მიზეზები განმარტა და აღნიშნა,  ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შემოღება მაშინ, როდესაც სამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ისედაც არსებობს, აუცილებლობას არ საჭიროებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner