logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ და მცენარეებს აზიანებენ, რაც ძალიან სამწუხაროა
- +

14 ივნისი. 2023. 12:42

 

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახშირებული ვანდალიზმის ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები.

 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები  ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ, რაც ხე-მცენარეების დაზიანებას იწვევს.

 

„ვანდალიზმი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სკვერები, პარკები, განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელთა მიზანმიმართული დაზიანება ხდება. თუ აქამდე საუბარი იყო საპარკო ინფრასტრუქტურაზე, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლო თვეებია ახალრეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ. გვაქვს შესაბამისი ვიდეოკადრებიც. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება. მძიმეა და გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთოთ. ამაში იხარჯება თქვენივე თანხები, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ახალი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ვანდალიზმის ფაქტებს ერთად შეებრძოლოს.

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ერთად დავდგებით, ერთად შევებრძოლებით ვანდალიზმს და ამ უმსგავსო ფაქტებს. რეკრეაციულ სივრცეებს რომ ვაკეთებთ, იქ შინაური ცხოველებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოვყოფთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ, მაგრამ არ ვიცი, რატომ უნდა ავარჯიშო და გაწვრთნა ძაღლი ხე-მცენარეზე და ამით გამწვანება დააზიანო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner