აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრი მოინახულა. რეგიონის პირველ პირს პარკის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა დავით ხომერიკმა მიაწოდა. ცენტრის დირექტორმა ზურაბ პატარაძეს მტირალას ნაკრძალში დაცული ფლორისა და ფაუნის უნიკალურობის, ახალი ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე პარკის ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტურიზმში აქტიურად ჩართულობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ბოლო პერიოდში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლად და მთაში ტურიზმის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს, ეს კი დადებითად აისახება ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად მასპინძლობს უცხოელ ვიზიტორებს, რომლებსაც ღამისთევის გარდა საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქტი, შეიძინონ ნატურალური თაფლი, ისარგებლონ ცხენების მომსახურებით, და სხვა სასურველი სერვისებით. უცხოელ ვიზიტორებს მეგზურობასაც ადგილობრივები უწევენ.
მხოლოდ წლევანდელი, ბოლო 8 თვის მონაცემების მიხედვით, მტირალას დაცული ტერიტორია 28 000-მა დგილობრივმა და უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულა, რაც გასული წლების მონაცემებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.