საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წელს პირველადაა წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, როგორიცაა "ევროპალია". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალი სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც ბელგიის სამეფოსა და მთლიანად ევროპაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ელიან ტილიემ საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.