„დღეს სისტემური კრიზისი სჭირს ევროკავშირს, რომელიც უნდა გამოჯანმრთელდეს და გამოვიდეს ამ კრიზისული ვითარების მძევლობიდან, რომელშიც ჩაგდებულია ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა.
ქართველიშვილის თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერ ორგანიზაციასთან პარტნიორულ ურთიერთობაზე, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთნდობაზე და პატივისცემაზე.
„ჩვენი წარმოდგენები ევროკავშირის თაობაზე, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარშემო გაერთიანებაზე, სტრუქტურაზე სამწუხაროდ, ნელ-ნელა იჩენს ხარვეზებს. საზოგადოებაში ამ ინსტიტუტის მიუკერძოებლობის მიმართ ნდობა თვალნათლივ კლებულობს. ამას ჩვენ ვხედავთ შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილებიდან. თვალნათლივ ვხედავთ, ევროკავშირის ოდესღაც ავტორიტეტული ინსტიტუციები პოლიტიკური ოპონენტების დევნის და დასჯის მექანიზმებად არის გადაქცეული, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს სისტემური კრიზისი სჭირს ევროკავშირს, რომელიც უნდა გამოჯანმრთელდეს და გამოვიდეს ამ კრიზისული ვითარების მძევლობიდან, რომელშიც ჩაგდებულია ერთ კონკრეტული ძალის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ორგანიზაციასთან პარტნიორულ ურთიერთობებისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთნდობაზე და პატივისცემაზე. როდესაც ერთ-ერთ პარტნიორს მეორეს მიმართ ეს პატივისცემა ან დაკარგული აქვს, ან ყოველ შემთხვევაში, შელახულია ცენზი ამ პატივისცემის, რთულია თანამშრომლობა, თუმცა შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან არანაირი დაბრკოლება, ევროკომისიის არცერთი წევრის თუ კონკრეტული ობიექტური შეკითხვის მიმართ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩენილა.
ჩვენთან ჩამოდიოდნენ ძალიან სუბიექტურად და ობიექტურად განწყობილი მათი წარმომადგენლები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა შუალედური დასკვნები იწერებოდა იმასთან მიმართებით, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც ხარვეზები გვქონდეს, მაგრამ ძირითად ასპექტებში ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. სამართლიანობის ზეიმს ველოდებით შემოდგომაზე, რომელიც იქნება იმ შეცდომების გამოსწორების ტოლფასი, რა შეცდომებიც დაუშვა ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.