logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის
- +

14 ივნისი. 2023. 21:55

 

 

„დღეს ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობები გაგვაჩნია და საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ევროპა დგას საქართველოს გვერდით.

 

„ნება მომეცით, უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის  საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ საღამოზე და „ევროპალია-საქართველოს“ გახსნაზე. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ჰაჯა ლაბიბს, ასევე ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მის აღმატებულებას ევროკომისარ ვარჰეის, რომლებმაც პატივი დაგვდეს და შემოგვიერთდნენ. გვაქვს პატივი ვმასპინძლობდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს,  ვიცე-პრემიერსა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

 

დღე, რომელსაც ვზეიმობთ, 1918 წელს რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლებას აღნიშნავს. სამწუხაროდ, მაშინდელმა სამყარომ ვერ შეძლო საქართველოს გვერდით დგომა, როდესაც რუსეთი ხელახლა შემოიჭრა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ.

 

დღეს ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობები გაგვაჩნია და საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის. ასი წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ევროპა დგას საქართველოს გვერდით, ისევე როგორც უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ევროპული მხარდაჭერა და სოლიდარობა არის ასევე ის, რისი აღნიშვნაც გვსურს ამაღამ”, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner