„შარშან სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება იყო და ჩვენ, ლიდერ ქვეყანას სამეულში, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, აქ საკითხი იყო პოლიტიკური.
„საკითხი იყო პოლიტიკური, პოლიტიკურმა ნაწილმა გადაწონა, ვიდრე ამ საკითხის მიმართ დამსახურებებისა და კრიტერიუმებით მიდგომამ. გვესმოდა განმარტებები, ზოგმა თქვა გეოგრაფიაო, ზოგმა რა თქვა და ზოგმაც - რა. საფრანგეთში ვიზიტის დროს ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საფრანგეთის მიდგომა ადრე თუ უფრო სკეპტიკური იყო გაფართოებასთან დაკავშირებით, შეცვლილია. დღეს გამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც პირველად, საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი არის ასახული და ესეც აჩვენებს, რომ ცვლილებაა გერმანიის პოლიტიკაში. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და მისი ძირითადი მოთამაშეები გააცნობიერებენ და დაინახავენ საკუთარ როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დაინახავენ საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. სინამდვილეში გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური მნიშვნელობით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.