logo_geo
eng_logo
„ჩვენი საზოგადოება ამ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კონფრონტაციას ვეღარ აიტანს“
- +

4 სექტემბერი. 2016. 18:16



ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვაპირებთ სიარულს, ჩვენი საზოგადოება ამ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კონფრონტაციას ვეღარ აიტანს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლაგოდეხის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი წარუდგინა.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარია, დასრულდეს სიძულვილი და საფუძველი ჩაეყაროს ნორმალურ ურთიერთობებს.



ჩვენ არ ვართ სიძულვილის ხალხი, ჩვენ ხომ ადამიანის მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ხომ დღემდე მხოლოდ ერთიანობით მოგვიტანია თავი. მაშ, რა დაგვემართა ამ ბოლო დროს, რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი. ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს ერთმანეთის პიროვნული შეურაცხყოფა. ჩვენ ხომ, გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყოველ საღამოს ჩვენს ოჯახებთან უნდა მივიდეთ და ჩვენს ბავშვებს ჩავხედოთ თვალებში. სწორედ ამიტომ, გვინდა, სხვებს მივცეთ მაგალითი, რომ ასეთი სტილის პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკა, როდესაც ადამიანის ღირსება არაფრად ღირს. ჩვენ განვითარების ისეთი დინამიკა უნდა შევქმნათ, ისე გავაფერადოთ და ავაგუგუნოთ ჩვენი ქვეყანა, რომ არც ერთი ადამიანის ზურგზე არ გადავიაროთ, რადგან არც ერთი გზა და ესტაკადა არ ღირს არც ერთი დაჩაგრული ადამიანის შვილის ცრემლად. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და უზენაესი, რის გარშემოც ვერთიანდებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე და კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ქვეყანაში განვითარების პროცესი. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ოთხი წლის თავზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, თვისობრივად ახალ საქართველოს მივიღებთ.



ჩვენთვის მთავარია, დავასრულოთ სიძულვილი და საფუძველი ჩავუყაროთ ნორმალურ ურთიერთობებს, ნორმალურ პოლიტიკას. თუნდაც, ავიღოთ მეზობლებთან მიმართებაში - დიახ, ჩვენ გვაქვს უმწვავესი პრობლემები, ოკუპაციის პრობლემა, ათასობით ადამიანი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, ჩვენს ემოციებს გადავაყოლოთ მათი მომავალი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ თავიდან ავიცილოთ უარესი მომავალში, თავიდან ავიცილოთ რისკები. ჩვენ უნდა შევქმნათ სტაბილური, მშვიდი მომავლის პერსპექტივა, რათა ადამიანები, დილით გაღვიძების შემდეგ, საუზმის დროს არ უყურებდნენ წინა საღამოს პოლიტიკურ თოქ-შოუს, თუ როგორ ჭამენ ადამიანები ერთმანეთს, არამედ ფიქრობდნენ იმაზე, რა გააკეთონ საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის და უკეთესი მომავლისთვის. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ და ასეთი საქართველო გვინდა!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner