„მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა, ევროპარლამენტის ის წევრები, რომლებიც იმ რეზოლუციებს მხარს უჭერდნენ, აინიცირებდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და ასეთ საკითხებზე იყო საუბარი, იმედი მქონდა, რომ ბოდიშს მოუხდიდნენ ქართველ ხალხს იმ დეზინფორმაციისთვის, რომელსაც ისინი ავრცელებდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით, რასაც რეზოლუცია ჰქვია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპარლამენტის წევრები უნდა დასერიოზულდნენ“.
„ნაცვლად ბოდიშისა, რაც ჩვენ ვნახეთ მათ შორის იმ სხდომაზე, იყო გამეორება იგივე საკითხების, დაჟინებით, რაც აჩვენებს, რომ ან უბრალოდ არიან გაჯიუტებული საკუთარ შეცდომაში, ან პირდაპირ ბოროტი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ.
მე მგონი, უნდა დასერიოზულდნენ ევროპარლამენტის წევრები. არის ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, რომლებიც ყოველ მეორე დღეს ოპოზიციურ საკუთრებაში მყოფ მედიაში კომენტატორებად ჩნდებიან. მიდის მათგან პირდაპირი საუბარი იმაზე, რომ მოსკოვთან გარიგებულია საქართველოს ხელისუფლება, პუტინი, რუსეთი, რა ნარატივიც აქვს ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“. რა თქმა უნდა, ამაზე ხდება ჩვენი რეაგირება და როგორც კი ჩვენგან არის საპასუხო კრიტიკა, იქვე ვარდებიან შეურაცხყოფილ მდგომარეობაში, რომ როგორ შეიძლება მათი კრიტიკა. თუკი ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ მიდგომებზე, ზემოდან ყურება სხვა ქვეყნის მიმართ, რაც უნდა პატარა ქვეყანა ვიყოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ზემოდან ყურება სხვა ქვეყნის მიმართ, ეს არ არის ევროკავშირის დამოკიდებულება. ეს ცოტა სხვა დროებს გვაგონებს ჩვენ. თუკი ისინი გვაკრიტიკებენ, ჩვენც ვაკრიტიკებთ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დებატის ნაწილი და კეთილი ინებონ და ზრდასრული პოლიტიკოსებივით მოიქცნენ და აიტანონ ეს კრიტიკა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.