ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine” საქართველოდან ღვინის 14 მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.
„RAW Wine” (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
„ქართველი მეღვინეები ძალიან კარგად ართმევენ თავს საქმეს, მათი ავტორიტეტი უფრო და უფრო ძლიერდება. ისინი ყვებიან ისტორიას, შეფუთვა შესანიშნავია, ბევრს მოგზაურობენ, სიამაყით აჩვენებენ საკუთარ ღვინოს. ისინი შესანიშნავები არიან, შესანიშნავი მიმართულებით და უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს ისინი. ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ვფიქრობ, ახლა ღვინოები არის ძლიერი, მდგრადი, დამახასიათებელი, აქვთ საკუთარი ისტორია, ვფიქრობ, ქვევრი ძალიან მაგიური ჭურჭელია. გასაოცარი არის ის, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანია, სხვადასხვა სახეობით, მთიანი ვენახებით, კლიმატით, ამ პატარა ადგილზე ყველაფერი არის, რაც გასაოცარია და ხარისხი შესანიშნავია, ღვინოები უფრო გამძლეა, ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.
20232 წელს გამოფენაში „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 180-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა.
გამოფენის სტუმრები ქართულ ღვინოებს და, ამავდროულად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს და ისტორიას გაეცნენ, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით, იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდის გამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვის სააგენტო მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.