შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.
საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა, NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.
2022 წლის მაისში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველო საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი, შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია NATO-ს ოპერაციაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით.