logo_geo
eng_logo
გიორგი შენგელაია: სანდრა რულოვსი მთავარ მოედანზე ისევეა ფეხებით ჩამოსაკიდი, როგორც სააკაშვილი!
- +

4 სექტემბერი. 2016. 21:24



ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის გადასარჩენად მუზეუმის თანამშრომლებს აქციების გამართვისკენ მოუწოდებს:


მე თვითონ მივალ ლორთქიფანიძესთან, რაც წაიღო ხელიდან გამოვგლეჯ და მუზეუმს დავუბრუნებ", - აცხადებს რეჟისორი და განგაშს ტეხს:



„სხვადასხვა მიმართულების მუზეუმები ერთ უსახურ გაერთიანებაში სააკაშვილმა კი გააერთიანა, მაგრამ არანაკლებ ცუდი როლი ითამაშა დავით ლორთქიფანიძემ. სააკაშვილთან სწორედ ის მივიდა, დაარწმუნა რომ მუზეუმების გაერთიანება ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა და გამოაცემინა კიდეც ბრძანება.


მიპასუხეთ - რა ჰქვია კაცს, რომელიც სააკაშვილთან ერთიანდება?! ორივენი პატივმოყვარეობით არიან დაავადებულნი. ერთი ძალით გვატენიდა თავის აშენებულ სისულელეებს, ეგონა დიდ რამეს აკეთებდა და მეორემ კი მუზეუმები ერთანეთში არია.

როგორც სააკაშვილის უსახურობებია დასანგრევი, ასევე დასანგრევია მუზეუმების გაერთიანების სისტემა. მოხერხებული კაცია ეს ლორთქიფანიძე, ყველას უცინის. მეც მიცინის, მაგრამ ბოლოს ნახავს კახურად თავზე როგორ დავახურავ!


-ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები დამოუკიდებლად ფუნქციონირებას ითხოვენ.


-სააკაშვილის დროს ხმას ვერ ამოიღებდნენ და დაჩაგრეს. მუზეუმში ღირსეული ადამიანები მუშაობენ, რომლებიც პატარა ჯამაგირით დიდ საქმეს აკეთებენ. ამ ხალხს მუზეუმიდან ხელოვნების ნიმუშებს სტაცებენ და აღარ აბრუნებენ. მე თვითონ მივალ ლორთქიფანიძესთან, რაც წაიღო ხელიდან გამოვგლეჯ და მუზეუმს დავუბრუნებ.


აქა არიან რესტავრატორები და ექსპერტები. ნამუშევრებს მიხედვა, მოვლა და შენარჩუნება სჭირდება. ახლა ლორთქიფანიძე იტყვის ექსპერტები მეც მყავსო. ჰყავდეს, მაგრამ მუზეუმიდან, რაც წაიღო, დააბრუნოს.


-ბატონო გიორგი, პრობლემების გადაჭრას რაში ხედავთ?


-მივმართავ გია მარსაგიშვილს, გამოიყვანოს თავისი თანამშრომლები, ნუ ეშინია.

ჩაატარონ აქცია, დაიჭირონ ბანერები; მათ პროტესტს ტელევიზია გადაიღებს. საზოგადოებას მე ჩავუდგები სათავეში. აქციაზე მეც მივალ და კიდევ უამრავი ჩემნაირი ადამიანი, გიორგი შხვაცაბაია, გოგი თოიძე, მხატვრები და მუსიკოსები. საქმე ქართულ ხელოვნებას ეხება. ხმა ღვთისა და ხმა ერისა.


სიგნალი ქვემოდან უნდა გავუშვათ, მუზეუმს მხარი უნდა დაუჭირონ ჟურნალისტებმაც. როცა პრობლემა გამომზეურდება, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც გამოიღიძებს.


-ხელოვნების მუზეუმის ხშირი სტუმარი ბრძანდებოდით?


-რა თქმა უნდა. ფიროსმანის ფონდის უფროსი იყო ქეთო ბაგრატიშვილი. კარგად ვიცნობდი მუზეუმის დირექტორს შალვა ამირანაშვილს. ყველაფერი ვიცი. მოვუწოდებ დათო ლორთქიფანიძეს: თავი დაანებოს მაიმუნობას, თვითონ გამოსცეს ბრძანება და ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნოს დამოუკიდებლობა. თუ პატივმოყვარეობას არ დათმობს, მომაკვდინებელ ცოდვას დაიდებს. ყველაფერი დაბრუნდება. ეგრე სად არის, როგორც ეს ლორთქიფანიძე დაატარებს ნამუშევრებს?!


-დაუდგენელია სრულად დაბრუნდა თუ არა სანდრა რულოვსის მიერ მუზეუმიდან გატანილი ფიროსმანის ნამუშევრები...


-სანდრა რულოვსი მთავარ მოედანზე ისევეა ფეხებით ჩამოსაკიდი, როგორც სააკაშვილი. ხომ გახსოვთ, მუსოლინი პარტიზანებმა, უბრალო ხალხმა ტყეში დაიჭირეს (სახელმწიფო არ იყო ამაში ჩარეული), გასამართლების გარეშე დახვრიტეს, მერე მილანში ჩაიყვანეს და ჩამოკიდეს. ასევე ჩამოკიდეს მისი საყვარელიც!


ქართველების გასაგონად ვიტყვი - ვინც მუსოლინი დახვრიტა, ისინი დაიჭირეს?! - არა! სააკაშვილიც ისეთივე არქისატანაა, როგორიც მუსოლინი იყო. რატომ ხმას არ იღებთ?! ხალხის მტერთან დამოკიდებულებაში იტალიელებმა როგორი ნიჭიერება გამოავლინეს და ჩვენ რატომ ვართ ასეთი უნიჭოები, ერის დამაქცევარს იტალიელებივით რატომ არ ვექცევით?! ჩუმად რომ ვართ, ამიტომაც დარბიან ვიღაც ავანტიურისტები და პარლამენტში შესვლას ცდილობენ. სახლში თუ ისხდებით, ყველაფერი ისე აირევა, როგორც მუზეუმები არიეს...


-იგივე სანდრა რულოსვი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია...


-არ მეკადრება რულოვსზე ლაპარაკი, არც ავის, არც კარგის. ეს ცოლ-ქმარი ამერიკაში მოამზადეს და აქ ჩამოგზავნეს. რაც დაატრიალეს, ვიცით ყველამ. ქვებით ჩასაქოლია სააკაშვილი.


-ხელოვნების მუზეუმში, არც ფიროსმანის ის ნამუშევრები შეუტანიათ,რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა?!


-ეს არის კრიმინალი. ხელოვნების მუზეუმმა სასამართლოში უნდა იჩივლოს. ახლა იტყვიან მუზეუმები ერთიანია და ჩვენთან შევინახეთო. ბიძინამ ეს ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმისთვის შეიძინა. როგორ, მუზეუმი აქამდე ცუდად ინახავდა სხვა ექსპონატებს?! როცა ბიძინას შევხვდები, აუცილებალდ ვეტყვი, რომ მისი შეძენილი ფიროსმანის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმში არ შეუტანიათ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner