logo_geo
eng_logo
ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორია 22 ჰექტრით გაიზრდება
- +

15 ივნისი. 2023. 15:08

 

 

„ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორია 22 ჰექტრით გაიზრდება.

 

კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე კანონმდებლებს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ჩატარდა ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაცია და აუცილებელი გახდა მისი შედეგების კანონში ასახვა.

 

აღნიშნული დემარკაციის შედეგად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა - ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ). საზღვრები გასწორდა მყარ გეოგრაფიულ ობიექტებზე. შესაბამისად, დემარკაციის სამუშაოების შედეგად, ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი გაიზარდა 22 ჰა-თი და შეადგინა 11 407 ჰა.

 

პარლამენტმა კანონპროექტი „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  75 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner