ავტორი თაკო კვარაცხელია
გოგა ჩანადირი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია, თუმცა, მან საზოგადოებას სხვა კუთხითაც გააცნო თავი. დღეს „რეპორტიორი“ გთავაზობთ ინტერვიუს სამოქალაქო აქტივისტ გოგა ჩანადირთან, რომელიც საკუთარი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით, მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებს, არ დაყარონ ნაგავი, საუბრის დროს არ გამოიყენონ ბარბარიზმები, გზა დაუთმონ ქვეითებს ე.წ. ზებრაზე, გაიღონ სისხლი და გადაარჩინონ სიცოცხლე...
- გოგა, თქვენ საზოგადოება გიცნობთ როგორც ფოტოგრაფს, თუმცა, ამავე დროს ხართ სამოქალაქო აქტივისტი... ავტობიოგრაფია რომ დაგეწერათ, როგორ წარადგენდით საკუთარ თავს, გოგა ჩანადირი - ფოტოგრაფი, თუ გოგა ჩანადირი - სამოქალაქო აქტივისტი?
- საქართველოს მოქალაქე! მოქალაქე, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ეს ქვეყანა მისი მოსავლელი და მოსაფრთხილებელიცაა, რადგან საქართველო მისი სახლია, მისი საკუთრებაა და თავადაა ამ ქვეყნის საკუთრება... გოგა ჩანადირი - მოქალაქე, რომელიც ხვდება, რომ საქართველო მხოლოდ ხელისუფლების ან ოპოზიციის, მეეზოვის ან მასწავლებლის სამშობლო კი არა, მისი სამშობლოცაა და რომ მასაც აკისრია სამშობლოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა...
- სოციალური ქსელის მეშვეობით, თქვენ საზოგადოებას აქტიურად მოუწოდებთ, იმეტყველონ სალიტერატურო ქართულით და უარი თქვან ბარბარიზმების გამოყენებაზე, არ დააბინძურონ გარემო, მოუფრთხილდნენ ბუნებას, ჩააბარონ სისხლი და გახდნენ დონორები, ავტომობილების მძღოლებმა გზა დაუთმონ ქვეითებს „ზებრაზე“ და ა.შ... როდის და როგორ აღმოჩნდით სამოქალაქო აქტივიზმში ასე აქტიურად ჩართული?
- თუ არ ვცდები, 12 წლის ვიყავი, როცა გავაცნობიერე, თუ რას ნიშნავდა, ვყოფილიყავი ქვეყნის პასუხისმგებლიანი მოქალაქე. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ალბათ, ყველა ჩვენგანს უნდა გაგვეაზრებინა, რომ ეს ქვეყანა უკვე ჩვენ გვეკუთვნის და ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ მასზე.
- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას თუ აქვს იგივე გაცნობიერებული?
- არა, სამწუხაროდ არა... ამას წინათ, ჩემს ფეისბუქ-გვერდზე გამოვაქვეყნე ფოტო, თუ როგორ იწვოდა თბილისში ერთ-ერთი ნაგვის ურნა და გამვლელები როგორ ინდიფერენტულად უვლიდნენ მას გვერდს. შემდეგ ერთ-ერთ დაწესებულებაში მივედი, გამოვართვი წყალი და თავად ჩავაქრე ცეცხლი. ამ ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, რამაც ძალიან გამახარა. ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქუჩაში დადგმული ნაგვის ურნაც ჩვენი ქონებაა, რომელსაც თუ დავწვავთ, დედაქალაქის მერიას მისი ახლით ჩანაცვლება, ანუ მასში დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევს, მაშინ, როცა ამ ფულით, შეიძლებოდა გაკეთებულიყო ახალი ლამპიონები ან ამოვსებულიყო ერთ-ერთი ორმო... ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ აღვიქვით, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ჩვენი ფულითაა შევსებული და ნებისმიერი ფუჭი ხარჯი, ჩვენი ჯიბიდანაა გაღებული. კარგი იქნება, თუ უფრო მეტად გავუფრთხილდებით ჩვენი ქალაქისა თუ სოფლის ქონებას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკუთარი სახლის ზღურბლს მიღმაც ჩვენი სახლია, სადარბაზო იქნება ეს, ეზო თუ ქუჩა...
- თქვენ მრავალი წელია აქტიურობთ ამ მიმართულებით ფეისბუქში... რაიმე შედეგს ხედავთ უკეთესობისკენ, თუ ღია კარის მტვრევაა ეს პროცესი და ადამიანი, რომელიც ვერ იაზრებს, რომ ნაგავი ქუჩაში არ უნდა დაყაროს, ვერც სხვისი მოწოდებით გაიაზრებს ამას?
- შედეგს ნამდვილად ვხედავ. თვალშისაცემია, რომ იცვლება დამოკიდებულება და მიდგომა მოვლენებისადმი, მაღლდება საზოგადოებრივი ცნობიერება, მოდის ახალი, თავისუფალი თაობა, რომელიც აცნობიერებს, რომ ეს ქვეყანა მათია. ამდენი მოწოდებაც კარგ გავლენას ახდენს ადამიანებზე, ბოლოს და ბოლოს, ხომ გაგიგიათ „შეძახილმა ხე გაახმოო“?! გარდა სოციალურ ქსელში აქტიურობისა, დავდივარ სკოლებში და ბავშვებთან ვატარებ გაკვეთილებს იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები. ეს მოხალისეობრივი აქტია და ამაში ფულს არავინ მიხდის. ვფიქრობ, გაკვეთილზე მოსმენილის თუნდაც მცირე ნაწილი რომ დაილექოს მათ გონებაში, ამით ჩემს პატარა წვლილს მაინც შევიტან საზოგადოდ სასიკეთო საქმეში. შედეგს რომ ვხედავ, სწორედ ეს მაძლევს დიდ ხალისს, არ დავიღალო და არ დავყარო ფარ-ხმალი. მინდა ყველამ გავიგოთ, რომ თავისუფლება - ეს არის პასუხისმგებლობა და თუ გინდა მოიპოვო თავისუფლება, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო, რომ შეინარჩუნებ ამ თავისუფლებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არ აგვერიოს ტერმინები და გავიაზროთ, რომ პასუხისმგებლობა არ არის ვალდებულება... ვალდებულება ისაა, რაშიც ხელფასს გიხდიან, საქართველოს მოფრთხილებაში კი, ჩვენ ხელფასს არავინ გადაგვიხდის, რადგან ჩვენი ქვეყანა ჩვენი დამსაქმებელი კი არა, ჩვენი სამშობლოა, ამიტომ უანგაროდ და უსასყიდლოდ უნდა მოვუფრთხილდეთ მას. ვცდილობ, მხოლოდ მოწოდებებით არ შემოვიფარგლო და სხვებს მაგალითი საკუთარი ქმედებით მივცე - თუ ვხედავ დაყრილ ნაგავს, ვიღებ და ვყრი ნაგვის ურნაში; თუ ვხედავ ცეცხლმოკიდებულ ნაგვის ურნას, ვაქრობ; თუ არის უანგარო დონორობის დღე, ვაბარებ სისხლს და ა.შ.
- გარდა ამისა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყოველდღიურად თითო ბარბარიზმს და მის ქართულ შესატყვისს აქვეყნებთ. წეღან თქვით, რომ ახალგაზრდებს გაცილებით მაღალ დონეზე აქვთ აღქმული, რომ ეს ქვეყანა მათიცაა და ნაკლებად ყრიან ქუჩაში ნაგავსო. თუმცა, გამართული ქართულით მეტყველებასთან დაკავშირებით, ახალ თაობაში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ეს ის თაობაა, რომელიც „იქრაშება“, „იქრინჯება“ ან „სტალკავს“ ერთმანეთს... თქვენი აზრით, ბარბარიზმებისა და მისი ქართული შესატყვისების გამოქვეყნებით, რამდენად დაიძლევა უცხო სიტყვების გამოყენების „ტრენდი“? აი, მეც „ტრენდი“ წამომცდა...
- კი, უცხო სიტყვების გამოყენების პრობლემა ნამდვილად გვაქვს ახალ თაობაში და ამის მიზეზად ის მიმაჩნია, რომ ადამიანები მშობლიურ ენაზე წიგნებს აღარ კითხულობენ. წიგნი იყო, არის და იქნება ლექსიკური მარაგის მთავარი წყარო და წიგნის კითხვის გარეშე ამ მარაგს ვერ გაიმდიდრებ. ამას წინათ ერთი ადამიანი შემეკამათა, სიტყვა „კრეატიული“ უფრო კარგად გამოხატავს სათქმელს, ვიდრე სიტყვა „შემოქმედებითიო“. არადა, დააკვირდით, როგორი ღრმა და მრავლისმთქმელი სიტყვაა - „შემოქმედებითი“. ერთმა ნაცნობმა კი მითხრა, სიტყვა „ინსპირაცია“ სხვა რამეს ნიშნავს, „შთაგონება“ კი - სხვასო... ეს ყველაფერი იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ ვეღარ შევიგრძნობთ ჩვენს ლიტერატურულ ფრაზებს, არადა, ეს ის სიტყვებია, რომლებიც სავსეა ემოციითა და შინაარსით და რომლებშიც ჩვენი ეროვნული კოდია ჩადებული. მაგალითისთვის, ნახეთ, რა ლამაზად და ნათლად გადმოსცემს სათქმელს სიტყვა „ჟრჟოლვა“, თუმცა, სამწუხაროდ, ამ სიტყვას ქართველები საუბრისას სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვიყენებთ. მინდა, ახალგაზრდებს გავაგებინოთ, რომ მშობლიური ენა, ეს ერის ფესვებია და როგორც ხე ვერ იარსებებს ფესვების გარეშე, ისე ვერ იარსებებს ჩვენი სახელმწიფო მშობლიური ენის გარეშე. სამწუხაროდ, ქართველებმა აკადემიური განათლების მიღებაზე უარი ვთქვით, რაც ადრე თუ გვიან, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ენა მხოლოდ ენათმეცნიერის დასაცავი არაა, ისე როგორც, ეზოს დასუფთავება არაა მხოლოდ მეეზოვის პასუხისმგებლობა.
- სოციალური ქსელის თემა რომ გავაგრძელოთ... ის, რომ ფეისბუქი ზიზღის ენის ბუდედ იქცა და რომ სოციალურ სივრცეს ადამიანები ერთმანეთის სალანძღავად, საგინებლად და საფურთხებლად ვიყენებთ, ეს არახალია. თქვენ თუ გადაურჩით ასეთ შემოტევებს, თუ გიბრაზდებათ გამომწერთა ნაწილი, რატომ გვკარნახობთ, როგორ ვიმეტყველოთ ან თქვენ რა უფლებით გვითითებთ, სად გადავაგდოთ სიგარეტის ნამწვი და სად არაო?
- (იცინის) რა გითხრათ აბა, სოციალური სივრცეში ყველანაირ ადამიანს შეხვდებით... მე ძირითადად მეუბნებიან, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუმცა, გამოერევიან ისეთებიც, რომლებიც მაკრიტიკებენ. კრიტიკას ადვილად ვიღებ, ლანძღვას და სიძულვილის ნთხევას კი, დაბლოკვით ვუმკლავდები. სოციალურ ქსელებს იყენებენ ბავშვებიც და არ მინდა, ისინი კითხულობდნენ ზიზღის ენით დაწერილ კომენტარებს. გამკრიტიკებელს კი რა დალევს, წაქცეული მოხუცებული რომ წამოაყენო, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რატომ წამოაყენე, იქნებ თავისით წამოდგომა უნდოდაო...
- და მაინც, გარდა სოციალური აქტივობისა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აღარ დავყაროთ ნაგავი, გზა დავუთმოთ სასწრაფოს, „ზებრაზე“ გავატაროთ ქვეითი და არ შევიგინოთ საკუთარი დედის მისამართით?
- მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანმა, ვინც იმ ყველაფერს აშავებს, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, მხოლოდ ცნების დონეზე იცის, რა არის სამშობლო, თუმცა, ქცევის დონეზე ვერ ხვდება, როგორ მოუფრთხილდეს მას და სწორედ ამიტომ, სიყვარულს საკუთარი ქვეყნის მიმართ მხოლოდ სიტყვებით გამოხატავს... მიმაჩნია, რომ მათ პირადი მაგალითი უნდა მივცეთ და ასე უნდა გავაგებინოთ, თუ როგორ შეძლონ გახდნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქენი.