გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებული თ.კ დამნაშავედ ცნო დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და გაამართლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში.
პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარუდგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.