ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ზრდას აჩვენებს.
Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის მაისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 304 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, თითქმის, 18%-ით აღემატება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განუცხადა, ზრდა ფიქსირდება წლის პირველი 5 თვის ჯამური მონაცემებითაც.
„მთლიანობაში, 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1.35 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება თვიურ ჭრილს, აპრილი-მაისის მონაცემებით, ზრდა გვაქვს აქაც. თუ აპრილში ქვეყანამ ტურიზმიდან 250 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, მაისში ეს მაჩვენებელი 304 მილიონ დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
მან მიმდინარე წლის მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ს საკუთარი პროგნოზი, რაც წლის დასაწყისში ჰქონდა, არ შეუცვლია.
„ველოდებით, რომ წლიურად 4 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. აქ ვგულისხმობთ მიგრანტების ეფექტის გარეშე იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო იმ მიგრანტების გამოთიშვა ტურიზმის სტატისტიკიდან, რომლებიც უკვე გახდნენ რეზიდენტები“, - განმარტა Galt&Taggart -ის ეკონომისტმა.
ქავთარაძე ზაფხულის მომდევნო თვეების სავარაუდო მაჩვენებლებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ Galt&Taggart-ის შეფასებით, ივლისი- აგვისტოს პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების თითქმის 80 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით შედგა, გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ კი 6 ღამე შეადგინა.