ევროკავშირი ეხმაურება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 სექტემბერს ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
როგორც ევროკავშირში აცხადებენ, ყველას, ვინც ამ ე.წ. არჩევნების ორგანიზებაშია ჩართული, თავიანთ უკანონო ქმედებებზე პასუხისგება მოუწევთ.
„ამ კვირაში, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე „არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ დარღვევას წარმოადგენს.
ეს რუსეთის კიდევ ერთი ფუჭი მცდელობაა, რომ თავისი უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაცია მოახდინოს და შეეცადოს უკრაინაში დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსირებას.
ეს სერიოზულად არღვევს გაერო-ს წესდებას და უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მის ტერიტორიული მთლიანობას. რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე მსგავსი ქმედების განსახორციელებლად ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია. რუსეთს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ყველას, ვინც ამ ე.წ. არჩევნების ორგანიზებაშია ჩართული, თავიანთ უკანონო ქმედებებზე პასუხისგება მოუწევთ.
ევროკავშირი კვლავაც ურყევია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო ავრცელებს.