ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა Bank of China რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესა. როგორც ekhokavkaza რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, 13 ივნისიდან, რუსული ბანკების მომხმარებლებს აღარ შეუძლიათ ჩინური იუანის გადარიცხვა აშშ-ში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაში.
ერთ-ერთი რუსული ბანკის წარმომადგენლის თქმით, Bank of China-მ არა მხოლოდ იუანში შეწყვიტა საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ფულადი სახსრების გადარიცხვები, არამედ ამერიკულ დოლარში, ევროსა და ჰონგკონგურ დოლარშიც.
„გამოცემა РБК-ის თანამოსაუბრის აზრით, შეზღუდვა მეორადი სანქციების რისკთან არის დაკავშირებული“, - წერს ekhokavkaza.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება არა ჩინეთმა, არამედ აშშ-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთთან მიმართებით დაწესდა.